

თამარ მღებრიშვილი
გოდერძი ჩოხელი „სულეთის კიდობანში“ წერს: „მთაში კარგ კაცზე იტყვიან, ლექსივით აწყობილი კაციაო. მთაში ლექსი ლოცვის მაგიერია. ტირილითაც კი ლექსად ტირიან.“
ისიც არაერთხელ მოგვისმენია საქართველო პოეტების ქვეყანააო, მაგრამ თან ღვინის სამშობლოცაა. ამიტომ ბუნებრივია, სუფრა რომ იშლება, ამ სუფრას ერთი მელექსეც ჰყავს და ერთიც ის კაცი, ვინც ამ ლექსს ღვინის ჭიქითა თუ თასით ხელში, სიმღერად იტყვის, ანუ „დაამღერებს“.
ამ წერილზე ფიქრისას, თავში პირველად ვაჟა-ფშაველას სტრიქონები მომივიდა, ქართველი საოპერო მომღერალი, ბარიტონი, დავით გამრეკელი რომ ასრულებს:
„დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!“
ქართული ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტში „ვეფხისტყაოსანში“ ღვინო არაერთხელაა მოხსენიებული, მაგალითად როგორი იყო ფატმან ხათუნი და:
„მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი.“
ქართულ კულტურაში ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის, მას კოსმიური გაგება აქვს, რომელიც ერთდროულად დაკავშირებულია მიწასთან, შრომასთან, დარდთან, ტკივილთან, სიხარულთან, დღესასწაულთან, რიტუალთან და ა.შ. შესაბამისად, ქართულ პოეზიაში ღვინის მეტაფორული სახე წარმოგვიდგება ყოფით და სიმბოლურ ერთეულად.
XVII საუკუნის ქართული ლიტერატურიდან ჩანს, რომ ღვინო უპირობოდ ასოცირდება სიხარულთან, სტუმართმოყვარეობასთან და ერთად ყოფნის სურვილთან. მაგალითად, თეიმურაზ I-ის თხზულებები შინაარსობრივადაც და ფორმითაც ატარებენ ტრადიციული სადღეგრძელოს სტრუქტურას — გრძელი, პოეტური ნაციონალური თვითიდენტიფიკაციის ტექსტებია, სადაც ღვინო სიტყვიერადაც და სიმბოლურადაც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია. „ვარდბულბულიანში“ ღვინო მოტყუების საგნადაც კი გამოდგება, აქვე ვკითხულობთ:
„დაჰპატიჟეს, – „არ ვღირსვარ“-ო, ფეხზე დგების, და გვერდს მოისვა,
ღვინო მისცა, მოსატყუვრად შეადგების.“
XIX საუკუნის შემდეგ ქართულ პოეზიაში ღვინის სიმბოლური სახე-ხატი თანდათან იცვლება, ის კარგავს მხოლოდ სუფრისა და სიხარულის განმცდელ შინაარსს და სოციალური კრიტიკის ელემენტებსაც კი იძენს. პაოლო იაშვილის ან გალაკტიონის პოეზიაში ღვინო ხან გაქცევის საშუალებაა (რეალობიდან), ხან — სიცოცხლის მომნიჭებელია, ხან კი სრული დაცემის სიმბოლო.
გალაკტიონისთვის ღვინო ხშირად კაფკასეულ, გროტესკულ ელფერსაც იძენს.
„სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო:
ღვინოს დააბრალებენ!“
ისეც ხდება, რომ პოეტისთვის ღვინო და სამშობლოსადმი ერთგულება თუ სიყვარული ხან ერთმანეთთან იგივდება, ხან დიქოტომიურ მნიშვნელობას იძენს:
„შეხედეთ ამ თასს, მეომრებო,
შეხედეთ ამ თასს,
იგი სავსეა არა ღვინით,
არამედ ფიცით.“
.......................
„უსამშობლოოდ, დე, ის ღვინო
გადმექცეს შხამად
და სასიკვდილო გაზმორებად
მოედოს ძარღვებს.“
ალბათ ხშირად მოგისმენიათ ასეთი ფრაზა: კაცი სიმთვრალეში იცნობაო. სწორედ ამ ფრაზის ლიტერატურული გაგრძელებაა ტიციან ტაბიძის ლექსი „წარწერა ყანწზე.“
„ამწიე, ძმაო და გაუძელი.
ასწი, დალიე, ნუ გერიდება!..
ვინა სთქვა, კაცი ღვინოს ვერ იტანს,
ასეთი დაგვრჩა ანდერძი ძველი,
ღვინოში ვძებნოთ ჭეშმარიტება.
ხომ სთქვა სალემა: In Vino Veritas…“
ლათინური სენტენცია „In Vino Veritas“ ნიშნავს - ღვინოშია ჭეშმარიტება. პოეტი ღვინოს შეულამაზებელი სიმართლის გამომხატველად მიიჩნევს, ღვინის დალევის შემდეგ ადამიანი ყველა მორგებულ სოციალურ ნიღაბს იხსნის და შიშველი სახით წარმოგვიდგება.
ამასთან, სტრიქონები „ამწიე, ძმაო და გაუძელი. ასწი, დალიე, ნუ გერიდება!“ მიგვანიშნებს, რომ ღვინო სიმართლის გარდა, გამძლეობისა და ბრძოლის სიმბოლოდაც გვევლინება. იგი თითქოს მხნეობის წყაროა, შინაგანი ტკივილის და წინააღმდეგობების გადალახვის საშუალება. ეს კი ტიციან ტაბიძის პოეტურ მოწოდებად შეიძლება მივიჩნიოთ — დალიე, რათა ცხოვრებისეულ მძიმე ყოფას გაუძლო. შესაბამისად, ეს ლექსი ტიციან ტაბიძის ფილოსოფიური ბაკქანალიაა.
სრულიად საწინააღმდეგო, შემოტრიალებულ კოდექსს წარმოგვიდგენს ნიკო სამადაშვილი.
„ლექსების ჯღაბნა წამებათ გექცა,
სჯობდა ვენახის კვალი გებარა.“
ღვინო და პოეზია ამ შემთხვევაში მშვიდობიანად ვერ თანაარსებობენ, ეგ კი არა, პოეზია ღვინოსთან შედარებით უღირსადაც კი წარმოგვიდგება. „სჯობდა ვენახის კვალი გებარა“ — ეს რეალური ცხოვრებაა, შრომის, თავმდაბლობისა და ნაყოფიერების გზა, რომელიც ლექსების ჯღაბნას უპირისპირდება. სამადაშვილის ეს სტრიქონები სარკასტულია და ნიცშეს რომ დავესესხოთ, აქ ღმერთი არა, მაგრამ პოეზია ნამდვილად მოკვდა, ვინაიდან, ღვინო უფრო დიდი ჭეშმარიტების მატარებელია, ვიდრე ლექსი.
ჩემთვის განსაკუთრებულ პოეტთან, თამაზ ბაძაღუასთანაც ვხვდებით ღვინის კოსმიურ გაგებას, რომელიც ეგზისტენციალურ სიცარიელესთანაა ასოცირებული.
„თურმე იდუმალ შიშით შებურვილს,
თურმე მეტრფეს და თურმე პალადინს
ჩამწყვიტეს გულში რაღაც მარადი
და როგორც ღვინო ჭანგმოდებული
თურმე საკუთარ სინდისს ვძმარავდი.“
აქ უკვე ღვინო ცოდვის, დანაშაულის და თვითგვემის მეტაფორაა. ღვინოს რომ სიძმარე შეერევა, ამბობენ „ჭანგი შეეპარაო“, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ღვინოს, ტკივილგამოვლილ ადამიანსაც შეიძლება ჭანგი შეეპაროს, დაძმარდეს, ეს ფსიქოლოგიური მოტივი ბაძაღუასთან ღვინოს სრულიად ახალ პოეტურ გაგებას სძენს: ღვინო აქ სულიერი თვითდასჯის ინსტრუმენტად იქცევა.
რაც შეეხება ბაძაღუას ამ სტრიქონებს:
„მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.“
ეს უკვე აბსურდის პოეზიაა. ქეძაფი/ თეზაფი აზოტმჟავასა და მარილმჟავას ნარევია (ყვითელი სითხე), რომელშიც ოქრო იხსნება. პოეტს ღვინო სწყურია და ქეძაფს სვამს, ზეცა სწყურია და მიწას ჭამს, ეს სამყაროს მეტაფორაა, სადაც ახდენილზე მეტად, აუხდენელი სურვილები მძლავრობს. თამაზ ბაძაღუა პოსტ-საბჭოთა ნანგრევებში იდეებს, სიმბოლოებსა და ნამდვილი პოეზიის ნამსხვრევებს ეძებს.
თანამედროვე ქართულ პოეზიაში ღვინო ხშირად იქცევა ქალის, ეროტიკის, სხეულის მეტაფორად. ღვინო ლინგვისტური თამაშის, ტანჯვისა და ვნების კოდი ხდება. განვიხილოთ ვახუშტი კოტეტიშვილის შემდეგი ლექსი:
„თუ გიდგას ღვინო ხელადით,
განსაკუთრებით – “პინო”,
გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი,
დუდუკით მოილხინო,
თუ აგიკრძალეს ქალები,
თუ აგიკრძალეს ღვინო,
რა ჭირად გინდა დუდუკი,
ან რა გაქვს საღიღინო?!“
კოტეტიშვილთან ღვინო ცხოვრების სრული სქემის ნაწილი ხდება: ღვინო, ქალი, სიმღერა, რომელიც ომარ ხაიმთან ჭეშმარიტ ასოციაციას ავლენს — ღვინო, დუდუკი, ქალები. პოეტის ეს ტექსტი ირიბად ანტიკურ, დიონისურ ფესვებამდე მიდის. ღვინო არ არის ცოდვის საგანი, არც სინდისის ტვირთია, ის სიცოცხლის სიმბოლოა, ხოლო მისი აკრძალვა — სიცოცხლის უარყოფა. ღვინო სულიერი და ხორციელი განთავისუფლების ხატი ხდება და თუ ეს ყველაფერი არ იარსებებს, თავად პოეზიასაც ეკარგება აზრი („რა გაქვს საღიღინო?!“).
ეროტიკასთან და ირონიულობასთან გადაძახილია ტარიელ ჭანტურიას ლექსიც, სახელწოდებით „ლექსი-პარადოქსი“:
„რაც რომ ჭკუა მომემატა,
ვერიდები კარგ ღვინოს:
კარგმა ღვინომ შეიძლება
ჭკუა დაგაკარგვინოს!
უცნაური კია, მარა,
ვერიდები კარგ ქალებს:
კარგ ქალებს რომ დავინახავ,
რეტდასხმული ვკანკალებ.
ცუდი ღვინო, ცუდი ქალი! -
აი, ჩემი სტიქია!
ცრუ ქალი და ცრუ სასმელი
ნამდვილივით მიქია!“
ტარიელ ჭანტურია ამ ლექსით პარადოქსულ მისტიფიკაციას სთავაზობს მკითხველს: რაც უკეთესია (კარგი ღვინო, კარგი ქალი), მით საშიშია. ეს ქართული ტრადიციული იდეალის ირონიული გადატრიალებაა, სადაც კარგი ღვინო და ლამაზი ქალი ჭეშმარიტების განცდის მომასწავებელია, თუმცა პოეტისთვის ეს „სიკარგე“ ემოციური სიგიჟის გამომწვევია.
აქ ღვინო არ არის არც მსხვერპლის, არც ჭეშმარიტების სიმბოლო — ის მაცდუნებელია, ღვინო-მაცდური კი, ისევე როგორც ქალი, პოეტისგან მორიდებას იმსახურებს. ტარიელ ჭანტურია ქმნის ლირიკულ პერსონაჟს (ლირიკულ „მე“-ს), რომელსაც ჭკუის დაკარგვა აშინებს, ამიტომაც ირჩევს ცუდ ღვინოს და ცუდ ქალს, ეს არის მისი სტიქია, თვითირონია და თვითმოტყუება.
როგორც ჩანს, ღვინო ქართულ პოეზიაში ერთმნიშვნელოვანი სიმბოლო არ არის, ის მრავალშრიანი არქეტიპია. ღვინო და პოეზია ქართული კულტურული მეხსიერების ორი ძირეული კომპონენტია, რომელთა თანაარსებობა სულაც არ არის შემთხვევითი. ქართულმა პოეზიამ ღვინო მრავალფუნქციურ ტროპად აქცია, რომელიც წლებისა თუ საუკუნეების ცვლილებასთან ერთად კონკრეტული ეპოქის, ისტორიულ-კულტურული კონტექსტის შესაბამის სიმბოლურობას ატარებს.
თანამედროვე ქართულ პოეზიაში ღვინის თემატიკა კვლავაც აქტუალურია, თუმცა მისი რეფერენციები უფრო ირონიული და დეკონსტრუქციული ხდება, იგი ერთდროულად პიროვნულ, ეროვნულ და ზოგადჰუმანურ კონტექსტებს მოიაზრებს. ღვინო აქ აღარ არის მხოლოდ სიხარულის ან ტკივილის გამომხატველი, არამედ ერთგვარი მეტასიტყვიერების სიმბოლო ხდება.
დაბოლოს, ეს წერილი ისევ გალაკტიონის სტრიქონებით დავასრულოთ:
„თასი, თასი! სიკვდილის წინ მე გადავკრავ წითელ ღვინოს
და მუსიკა ააკვნესეთ, რომ ტკბილ ხმებში მიმეძინოს!“
© ღვინის კლუბი/vinoge.com