
17-18 ოქტომბერს საქართველოში საფერავის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. ღონისძიებას ასოციაცია „ქართული ღვინო“ ორგანიზებას უწევს, კონკურსის მხარდამჭერი კი ღვინის ეროვნული სააგენტოა. საფერავის საერთაშორისო კონკურსი ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანია საფერავის ჯიშის ღვინოების პოპულარიზაცია, მათი ხარისხის წარმოჩენა და ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა.
წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩევა. პირველად, Tsinandali Wine Symposium-თან ყოველწლიური თანამშრომლობის ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ღვინოები სპეციალურ დეგუსტაციაზე Grand Jury du Vin-ის წინაშე წარდგება.
დეგუსტაცია საერთაშორისო ღვინის პროფესიონალებისთვის საფერავის გამორჩეული ნიმუშების გაცნობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება. Grand Jury du Vin-ში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ღვინის წამყვანი სპეციალისტები არიან გაერთიანებული.
Grand Jury du Vin 1996 წელს დაარსებული ღვინის პროფესიონალთა საერთაშორისო გაერთიანებაა. ორგანიზაცია მსოფლიოს გამორჩეულ ღვინოებს ბრმა დეგუსტაციის პრინციპით აფასებს, რაც ღვინის შეფასების პროცესში ობიექტურობისა და პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფას ემსახურება.
Grand Jury du Vin საქართველოში პირველად 2023 წელს, წინანდალში გაიმართა. მას შემდეგ Tsinandali Wine Symposium საერთაშორისო ღვინის კალენდრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ჩამოყალიბდა და საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის პროფესიონალებსა და ექსპერტებს აერთიანებს.
საფერავის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ღვინოების ამ პროფესიული აუდიტორიის წინაშე წარდგენა ქართული ღვინის საერთაშორისო პოზიციონირებისთვის დამატებით შესაძლებლობას ქმნის.
საფერავი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ისტორიულად მნიშვნელოვანი ვაზის ჯიშია. მისგან დამზადებული ღვინოები საერთაშორისო ბაზრებზე ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად მიიჩნევა. შესაბამისად, საფერავისადმი საერთაშორისო პროფესიული ინტერესის ზრდა ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებასაც უწყობს ხელს.
საფერავის მეხუთე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი.
კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი