Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

სალომე ჯალიაშვილი - „მეღვინეობა ამბოხი“ - მცირე მარნების ანთოლოგია (151)

-  გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩვენი მეღვინეობისა და ოჯახის ისტორია ერთად იწყება. 2024-ში ცოლ-ქმრის უღელსაც შევეჭიდეთ და პირველი რთველიც მაშინ მივიღეთ მარანში. მეღვინეობას „ამბოხი“ დავარქვით -  ძველად თურმე ასე ეძახდნენ დამაჭრებას, დუღილის პროცესს. ჰოდა, ჩვენც შევთანხმდით, რომ ღვინო ამბოხით იწყება და ეს სლოგანი ეტიკეტზეც დავიტანეთ. მე სამეწარმეო რეესტრში კომპანია დავაფუძნე, მეუღლემ, ბევრრთველმიღებულმა მეღვინემ, ბესო ჯახუამ, მთავარი ტექნოლოგის პოზიცია იტვირთა. გენშიც, სამეგრელოდან, ბაბუის მიერ ჩანერგილი ვაზისა და ღვინის სიყვარული მოჰყვება. ჰოდა, მერე ასე, ერთად, უკვე თბილისში ჩვენი ურბანული მეღვინეობის შექმნით შევასხით ფრთები ამ სიყვარულს.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?

- საკუთარი ოჯალეშისა და საფერავის ვენახები გვაქვს სამეგრელოსა და კახეთში. ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა რეგიონში გამოცდილ მევენახეებთან და მათი მაღალი ხარისხის ყურძნისგან ვაწარმოებთ ცოლიკოურის, კრახუნას, ალადასტურის, გორული მწვანის, რქაწითელისა და სხვა ჯიშის ღვინოებს.

თუმცა, მეტი სიფაქიზე მაინც ოჯალეშის ჯიშის ყურძენთან გვაკავშირებს, რომლის ვენახიც მეუღლის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში, ჩვენი ხელით გავაშენეთ. ჯერ მიწა შემოვღობეთ, ნიადაგი მოვამზადეთ, საუკეთესო საძირეზე დამყნობილი ოჯალეშის ნერგებიც ჩავყარეთ და სულ „გაიხარე, გაგვახარე“-თი ვილოცებდით პროცესში.

მას მერე ვუვლით მეღვინეობა „ამბოხის“ პირველ შვილებს უკვე მესამე წელია.

- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?

- ღვინოს ვაყენებთ როგორც ტრადიციული მეთოდით, ქვევრში, ისე კლასიკური მეთოდით - უჟანგავი ფოლადის ორპერანგიან ცისტერნებსა და მუხის კასრებში. ვაწარმოებთ წყნარ და ცქრიალა ღვინოებს, წელიწადში ათი ათასი ბოთლის ოდენობით.

გარდა ამისა, ჩვენი საწარმო შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს, შექმნას საკუთარი ღვინო.

მეღვინეობა „ამბოხის“ მომსახურება მოიცავს ყველა საჭირო ეტაპს, დაწყებული ყურძნის დაწურვითა და დუღილის პროცესის კონტროლით, ფილტრაციით და ღვინის ჩამოსხმით დასრულებული. ანუ, მოაქვთ ყურძენი და ვატანთ უკვე ბოთლში ღვინოს.

ჩვენი საწარმო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, უახლესი დანადგარებითა და ქვევრებით, რითიც ვუზრუნველყოფთ პრემიუმ ხარისხის ღვინის დამზადებას.

-რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?

- დიდი კონკურენციის პირობებში ყველაზე დიდ გამოწვევად ბაზარზე თავის დამკვიდრება რჩება. ბრენდის მიმართ ცნობადობის ამაღლების საქმეში გვჭირდება ფესტივალებსა და გამოფენებში მონაწილეობა, რაშიც სახელმწიფოს თანადგომა უმნიშვნელოვანესია, თუნდაც თანაგადახდის პირობებით, რადგან სწორედ მცირე და საოჯახო მარნები ქმნიან ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნებას და ვთვლით, რომ ჩვენი ღვინის მომავალი სწორედ ასეთი მარნების ხელშია, ვინაიდან თამამად შეგვიძლია, ღირსეული ადგილი დავიკავოთ მსოფლიოს წამყვან ღვინის ბაზრებზე.

-თქვენი აზრით, რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

-დიდი დაბრკოლებაა, რომ საქართველოში ღვინის ბოთლი არ იწარმოება, რაც მნიშვნელოვნად აძვირებს საბოლოო პროდუქტს.

ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციები მცირე მარნების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს იყოს მორგებული. მხედველობაში მაქვს, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში შიდა ბაზრისთვის სერტიფიკატებზე დაწესებული ტარიფი, რაც ჩვენნაირი მცირე მარნებისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს და საბოლოოდ სარეალიზაციო ფასის ზრდას იწვევს. გაზრდილია ტარიფები ექსპორტზეც, რაც საბოლოო ჯამში გვაფიქრებს -  შეგვიძლია კი, ასეთი ხარჯების ფონზე, საერთაშორისო ბაზრისკენ გახედვა და იქ ღირსეული ადგილის დამკვიდრება?

-როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ჩვენი საწარმოდან გაუსვლელად ღვინის მიღების პროცესში მხოლოდ ლაბორატორიის არარსებობა გვაბრკოლებს. გვინდა, ეს მიმართულებაც დავნერგოთ ჩვენსავე სივრცეში, რათა შევძლოთ ყველა ქიმიური პარამეტრის ადგილზე კონტროლი.

ასევე, გეგმაშია ავზებისა და ქვევრების რაოდენობის გაზრდა, რომ საწარმოს რესურსი სრულად ავითვისოთ.

და ბოლოს, ვინაიდან მოვაწყვეთ ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც განთავსებულია საწნახელი და მეღვინეობაში დამხმარე სხვა ძველებური ხელსაწყოები, გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ ტურისტები. ვუყვებით ქართული მეღვინეობის 8000-წლიან ისტორიას, ვაჩვენებთ ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს და ჩვენი მრავალფეროვანი ღვინის ასორტიმენტიდან ვატარებთ დეგუსტაციებს.

სწორედ ამ მიმართულებით გვინდა გავზარდოთ ჩვენი მარნის ცნობადობა და ვითანამშრომლოთ ტურისტულ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ურბანული მეღვინეობით.

რაც შეეხება დამწყებ მევენახე-მეღვინეებს, მათი არჩეული გზა რთული, მაგრამ ეროვნული საქმეა და ისინი სწორ გზაზე დგანან. საქართველო ღვინის სამშობლოა და ამაზე უკეთესი საქმე ჩვენ არ გვეგულება.

Facebook მისამართი: მეღვინეობა "ამბოხი"

Instagram მისამართი: Ambokhi Winery

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა

ტოპ ხუთეული