Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქვემო ალვანი თუშური გუდის ყველის ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს

12 ოქტომბერს, 12:00 საათიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, აგროტურისტული მეურნეობა „ითაბანის“ ტერიტორიაზე, გაიმართება თუშური გუდის ყველის ფესტივალი. ფესტივალი პირველად გასულ წელს ჩატარდა და უკვე ტრადიციად იქცა.

თუშური გუდის ყველის ფესტივალი მიზნად ისახავს თუშური კულტურის, სამეურნეო ტრადიციებისა და ერთ-ერთი უნიკალური ქართული პროდუქტის — გუდის ყველის  პოპულარაზიაციას.

ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობენ. მთელი დღის განმავლობაში აგროტურისტული სივრცე გადაიქცევა თუშური ცხოვრების, გემოსა და ხელოვნების ცენტრად.

ღონისძიების ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა – ქვემო ალვანი ისტორიულად თუშების ზამთრის საძოვრებს წარმოადგენდა და დღესაც მჭიდროდ უკავშირდება თუშური ტრადიციების შენარჩუნებას. ფესტივალის მიზანია სწორედ ამ კავშირების გაღრმავება და თუშური კულტურის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ფესტივალის მთავარ ღერძი თუშური გუდის ყველია  – ცხვრის ან ძროხის რძით დამზადებული პროდუქტი, რომელიც სპეციალურ გუდაში (ცხვრის ტყავში) მწიფდება. ამ დღესასწაულზე 20-ზე მეტი თუში ფერმერი წარმოგვიდგენს საკუთარ ნაწარმს – მათ შორის გუდის ყველს, კალტს, ჩოგს, ერბოს და სხვა.

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და დინამიკურია. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ ადგილობრივი ოსტატების მიერ შექმნილი სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები, დაესწრონ კულინარიულ მასტერკლასს, სადაც მასტერშეფი მირიან სულაკაური გუდის ყველისგან ორიგინალურ კერძებს მოამზადებს. ასევე დაგხვდებათ საკვები კუთხეები, სადაც სტუმრები დააგემოვნებენ თუშურ კერძებს, როგორიცაა: ხინკალი, კოტორი (თუშური ხაჭაპური), მწვადი და სხვ.

ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გუდის ყველის კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალზე წარმოდგენილი ფერმერები. სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს საუკეთესო ცხვრისა და ძროხის გუდის ყველს, ხოლო გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდებიან.

მთელ ღონისძიებას ფონად დაამშვენებს თუშური მუსიკა და ცეკვები. სცენაზე წარსდგებიან ადგილობრივი ანსამბლები: „კესელო“, „გენია“, „ფოლკლორის სახლი“ და სხვა შემსრულებლები, რომლებიც ავთენტურად გააცოცხლებენ თუშურ ფოლკლორს. ასევე, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თუშური ტრადიციული თამაშობების გაცოცხლება და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

თუშური გუდის ყველის ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ქართული კულინარიული მემკვიდრეობით, რეგიონული კულტურითა და ტრადიციებით. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა