
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სააგენტოს პარტნიორი მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინის ისტორია, მრავალფეროვნება და წარმოების თანამედროვე და ტრადიციული მიდგომები გერმანელმა სომელიემ და ღვინის სფეროს ცნობილმა ინფლუენსერმა ტონი ასკიტისმა გააცნო. ქართული ღვინის წარდგენაში მონაწილეობდნენ ქართველი მეღვინეებიც ანა მირიანაშვილი, მეღვინეობა „ჩელთი“, და შოთა ნატროშვილი, „თელიანი ველი“. სტუმრებმა 12 სხვადასხვა ქართული ღვინის დაგემოვნება შეძლეს.
გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ff.k Public Relations-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს. ერთობლივი კამპანია სხვადასხვა ქალაქში პროფესიული დეგუსტაციების, სემინარებისა და სარეკლამო აქტივობების ორგანიზებას მოიცავს. ქართული ღვინო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებშიც, ხოლო უცხოელი მედიისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში გაცნობითი ღვინის ტურები იმართება.
გერმანიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქვეყანა ქართული ღვინის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის ხუთეულშია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი