
მხატვარი: მამუკა ტყეშელაშვილი
ღვინო შთაგონების ამოუწურავი წყარო და მრავალშრიანი კულტურული ფენომენია, საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის „არილის“ ახალი თემატური ნომერი – „ღვინო და ლიტერატურა “ სწორედ ამ თემებს ეძღვნება. „არილის“ ახალი ნომერი მეღვინეებისა და ღვინის ენთუზიასტების ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
გამოცემა მკითხველს თავიდანვე საინტერესო ინტელექტუალურ დიალოგში იწვევს. ნომერი იხსნება ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, მკვლევრისა და მწერლის, ელის ფეირინგის ინტერვიუთი. ქართველი მკითხველისთვის ფეირინგი კარგად ნაცნობი ავტორია, მისი წიგნები, მათ შორის „სრულქმნილი ღვინო“ და „ღვინის სიყვარულით“, ქართულ ენაზეც გამოიცა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ღვინის კულტურით დაინტერესებულ საზოგადოებაში.
არილის ამ თემატური ნომრის შინაარსი ღვინის, როგორც სიმბოლური და კულტურული ერთეულის მრავალფეროვნებას სრულად ასახავს. მასში გაერთიანებულია ესეები, პროზაული და პოეტური ტექსტები, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების, ორიგინალური და თარგმნილი ნამუშევრები.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ესეისტური წერილები, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში ღვინის სიმბოლურ მნიშვნელობებს იკვლევს. ამასთან ერთად, მკითხველი აღმოაჩენს ისტორიულ თბილისს, სადაც ერთ დროს ვაზი ქალაქის ბაღების განუყოფელი ნაწილი იყო.
ღვინო ქართული კულტურაში ერთდროულად აერთიანებს ისტორიას, ლიტერატურას, ხელოვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. ღვინოსა და ლიტერატურას ერთი საწყისი აქვთ, „არილის“ ეს ნომერი კი კიდევ ერთხელ გვიხსნის სივრცეებს იმის გასააზრებლად, თუ როგორ ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში ღვინის ადგილი ქართულ კულტურულ ცნობიერებაში და როგორ ინარჩუნებს იგი ამ მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროშიც.
არილის ახალი ნომრის შეძენას შეძლებთ ჟურნალ-გაზეთების სტენდებზე. ასევე მაღაზიებში: ლიგამუსი, შაქრო ბაბუა, სულაკაური, სანტა ესპერანსა, წიგნის სახლი ბახტრიონზე, წიგნის სივრცე ჯიქიაზე, ბიბლუსში და 8000 მოსავალში.
თემატური ნომრის სარჩევის ნახვა კი არილის ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი