Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ანა პაჭიკაშვილი - „ტერასა ზინობიანი“ - მცირე მარნების ანთოლოგია (152)

- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?

- მე ანა პაჭიკაშვილი ვარ - ზინობიანელი უდი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ზინობიანიდან, რომლისთვისაც სოფელი მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი კი არა, ოჯახის, მეხსიერებისა და კულტურის ნაწილია. გამიჭირდებოდა ამ საქმესთან შეჭიდება ჩემი მეუღლის, ვახტანგ ჭიბალაშვილის, მხარდაჭერის გარეშე. აღმოჩნდა, რომ ეს საქმე ორივეს გვიყვარს და გვაერთიანებს.  ვახტანგისთვის მეღვინეობა უცხო არასდროს ყოფილა. მისი ისტორია ამ საქმესთან ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო, როცა იყალთოში პაპასთან ერთად მონაწილეობდა ღვინის დაყენების პროცესში. სწორედ პაპის გვერდით მიღებული გამოცდილება და ღვინის სიყვარული გახდა მისი მეღვინეობასთან კავშირის საფუძველი. 29 წლის წინ პირველად ჩამოასხა ღვინო ბოთლში.

ზინობიანში გვაქვს მცირე აგროტურისტული ობიექტი, ბუტიკური ტიპის საოჯახო სასტუმრო. ზინობიანში ვმასპინძლობთ უდიური ენით და ისტორიით დაინტერესებულ ჯგუფებს. ასევე, ვმასპინძლობთ ბუნებრივი ღვინის მოყვარულ ადამიანებს. უდიები კავკასიის ალბანეთის უძველესი გადარჩენილი ხალხია. 100 წლის წინ გადმოვცხოვრდით საქართველოში და მხოლოდ ერთ სოფელში ვცხოვრობთ. ამ დრომდე შენარჩუნებული გვაქვს სასაუბრო ენა, კულტურა, ტრადიციები და სამზარეულო.

სიმართლე გითხრათ, მეღვინეობა არასდროს ყოფილა  წინასწარ დაგეგმილი გზა.  საქმიანობა ჩვენი ოჯახის ისტორიიდან დავიწყეთ: ზინობიანში ჩემი პაპის მიერ 1935 წელს აშენებული ძველი მარანი აღვადგინეთ, სადაც ქვევრები და წარსულის კვალი დღემდე ინახება. ამ სივრცის გაცოცხლებამ ნელ-ნელა ახალ საქმედ გვიქცია ის, რაც თავიდან ოჯახური მემკვიდრეობის შენარჩუნების სურვილი იყო. ასე გაჩნდა „ტერასა ზინობიანი“ -  მცირე მარანი, სადაც ღვინოს ვაყენებთ, სტუმრებს უდიურ სამზარეულოსა და ჩვენი სოფლის ამბებს ვუზიარებთ. მეღვინეობა ჩვენთვის მხოლოდ ღვინის შექმნა არ არის - ეს გზაა, რომ ზინობიანის ისტორია და უდიური კულტურა ერთი ბოთლითაც მოვყვეთ. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე სწორედ მაშინ იწყება, როცა მის დაწყებას საერთოდ არ გეგმავ.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?

- ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ჯიში საფერავია, რომელსაც ქინძმარაულის მიკროზონაში ვაწარმოებთ. საფერავი თავისი სიღრმითა და ხასიათით განსაკუთრებით გვიზიდავს - ყოველ მოსავალს თითქოს ახალი რამ მოაქვს და გასწავლის. გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ყურძნის ბუნებრივი ხასიათის შენარჩუნებით განსხვავებული, ცოცხალი ღვინის შექმნა. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გვაინტერესებს ხიხვის, ქისის  და საფერავისგან დამზადებული როზეს ტიპის ღვინოები. 2027 წელს უკვე ბოთლში გვექნება და ველოდებით რა გამოვა. ხიხვი და ქისი თავისი გამორჩეული ხასიათითა და შესაძლებლობებით გვაინტერესებს, როგორ შეიძლება მისი არომატული პოტენციალისა და ფერის სრულად წარმოჩენა და განსხვავებული ღვინის შექმნა. საფერავის როზე კი  ახალი, საინტერესო ექსპერიმენტია: წითელი ყურძნის ჯიშისგან უფრო მსუბუქი, ხალისიანი და განსხვავებული სტილის ღვინის მიღების შესაძლებლობა. ორივე მიმართულება გვაძლევს საშუალებას, უკეთ შევისწავლოთ ყურძნის ბუნება, ვეძებოთ ახალი გემოები და საკუთარი გამოცდილებით აღმოვაჩინოთ კიდევ რისი თქმა შეუძლია ქართულ ვაზს.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?

- მცირე მარნისთვის სირთულე მხოლოდ კარგი ღვინის დაყენება არ არის,  არანაკლებ რთულია მისი მომხმარებლამდე მიტანა, ცნობადობის გაზრდა და სტაბილური გაყიდვების შექმნა. თითოეული ბოთლის უკან ბევრი ხელით შრომა, დრო და რესურსი დგას, თუმცა ხარისხიანი პროდუქტი ყოველთვის მარტივად ვერ პოულობს თავის ბაზარს. გაყიდვებისა და ანგარიშსწორების გაუმართავი პრაქტიკაც დამატებით გამოწვევად რჩება.

- თქვენი აზრით, რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მცირე მარნების ხილვადობა და ბაზარზე წვდომა უნდა გაუმჯობესდეს. მეღვინეს სჭირდება სამართლიანი გარემო, სანდო გაყიდვის არხები და პარტნიორები, რომლებიც მის შრომას აფასებენ. ასევე მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა უკეთ გაიცნოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინოები და მათი ისტორიები. ღვინის ღირებულება მხოლოდ გემოსა და ფასში არ არის, მასში კონკრეტული ადგილის, ოჯახის და ადამიანის შრომაც ცხოვრობს.

- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?

- მეღვინეობისადმი ჩვენეული მიდგომა ტრადიციული ქართული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმას ეფუძნება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ყურძნის  ხარისხს, ჯიშურ თავისებურებებსა და სიმწიფის სწორად განსაზღვრას. ღვინის ტიპის მიხედვით ვირჩევთ გადამუშავების მეთოდს. ძირითადად ვიყენებთ უჟანგავი ფოლადის ავზებს და ვცდილობთ, დუღილისა და დავარგების პროცესში მინიმალურად ჩავერიოთ, თუმცა ტექნოლოგიური კონტროლი მაინც საჭიროა. მევენახეობაში უპირატესობას ბიოლოგიურ მიდგომებს ვანიჭებთ. ჩვემთვის მნიშვნელოვანია, ღვინომ შეინარჩუნოს ჯიშური ხასიათი და საკუთარი წარმოშობის ინდივიდუალურობა. მუდმივად ვსწავლობთ, ვაკვირდებით პროცესებს და ვატარებთ ექსპერიმენტებს, რათა უკეთ შევისწავლოთ ყურძნისა და ღვინი თავისებურებები, დავხვეწოთ ტექნოლოგიური მიდგომები. ჩვემი მიზანია, ტრადიციაზე დაყრდნობით, საკუთარი ხელწერა და ხარისხიანი ღვინის წარმოების სტილი ჩამოვაყალიბოთ.

 - როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- გვინდა, „ტერასა ზინობიანი“ განვითარდეს როგორც მცირე მეღვინეობა და ადგილი, სადაც სტუმრები ღვინოსთან ერთად ზინობიანის ისტორიას, უდიურ კულტურასა და ადგილობრივ სამზარეულოსაც გაიცნობენ. გვჯერა, რომ ღვინო სოფლის ამბის გასაზიარებლად და ადამიანების დასაკავშირებლად განსაკუთრებული გზაა. დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევდით, ისწავლონ, დააკვირდნენ საკუთარ ვაზსა და ღვინოს, არ შეუშინდნენ სირთულეებს და საკუთარი გზის პოვნისას მოთმინება შეინარჩუნონ. დიდი საქმე ყოველთვის დიდი მასშტაბით არ იწყება,  ზოგჯერ ის ძველი მარნის კარის გაღებით და პირველი ბოთლის შექმნით იწყება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა