Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

თსუ-ში ღვინის სამართლის კლინიკა დაარსდა

ალეკო ცქიტიშვილი

2025 წლის სექტემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ღვინის სამართლის კლინიკა მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. კლინიკა საქართველოს ღვინის იურისტთა ასოციაციის ბაზაზე იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს ღვინის სამართლით დაინტერესებული სტუდენტების მონაწილეობას ღვინის სამართალწარმოებაში, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე.

Vinoge.com-თან საუბრისას, თსუ-ს ღვინის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი მაკა ნუცუბიძე აცხადებს, რომ კლინიკა აპირებს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ღვინის კანონმდებლობის სისტემურ ცვლილებებში და ლობირება გაუწიოს ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება ქართული კანონმდებლობის რეფორმაზე. მისივე თქმით, ამ კლინიკის სარგებელი და მისი არსებობის მთავარი გამართლება იქნება ის, რომ გაზარდოს კვალიფიციური ღვინის იურისტების თაობები, შემოიკრიბოს სამართლის სხვადასხვა დარგის იურისტები, ვისთან ერთადაც კლინიკა მოამზადებს კანონპროექტებს და იმუშავებს საქართველოს ღვინის სექტორის კანონმდებლობის სისტემურ ცვლილებებზე, რეფორმებზე.

- საიდან გაჩნდა იდეა, თსუ-ში ღვინის სამართლის კლინიკის დაარსების თაობაზე და რას უნდა ველოდოთ მისგან?

- 2019  წელს ჩემი ფრანგი კოლეგა, საფრანგეთის შამპან არდენის უნივერსიტეტის პროფესორი, ვაზისა და ღვინის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, თეოდორ ჟეორჟიოპულუსი (Theodore Georgopoulos) დამიკავშირდა და მთხოვა, მომემზადებინა კვლევა საქართველოს ღვინის სამართლის შესახებ, რადგან სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი ქვეყნების იურისტები ერთად მუშაობდნენ ფუნდამენტურ ნაშრომზე Golab wine Law. ნაშრომის მიზანი იყო, რომ თავი მოეყარათ ყველა ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ღვინის წარმოების, გაყიდვის, ხარისხის დაცვის, ეტიკეტირების, რეკლამის შესახებ რეგულაციებისთვის. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ღვინის სამართალი, როგორც სამართლის განსხვავებული მიმართულება - დარგი, რომელიც ღვინის სექტორის სამართლებრივ რეგულაციებს აერთიანებს: ღვინის სამართლის იურისტები, ღვინის სამართლის სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესები ღვინის სამართლის სპეციალიზაციის სტუდენტებისთვის, ღვინის სამართლის ჟურნალები და რა თქმა უნდა, ღვინის სამართლის კლინიკები, რომლებიც სამართლის ფაკულტეტების სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს და რეალურ სამართლებრივ საქმეებზე მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა. მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და საქართველოში ღვინის სექტორის სამართლებრივი რეგულაციების განვითარებაა.

- თუ შეისწავლეთ მეღვინეობის სხვა ტრადიციული ქვეყნების (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია და სხვა.) გამოცდილება ამ კუთხით და თუ აპირებთ იქაურ მსგავს კლინიკებთან თანამშრომლობას?

- 2021 წლის სექტემბერში პირველი ვიზიტი მქონდა ბორდოს უნივერსიტეტის ვაზისა და ღვინის სამართლის დეპარტამენტში. აქ შევისწავლე ღვინის სამართლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სპეციფიკა, გავიცანი პროფესორები და სტუდენტები, მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო სასწავლო და კვლევით პროცესში. შემდეგ იყო გამოცდილებათა გაზიარება შამპან არდენის უნივერსიტეტში, გერმანიის გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში. ბუნებრივად გაჩნდა იდეა და სურვილი, რომ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოა, სადაც მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია და კულტურა გვაქვს, სადაც ღვინო ექსპორტის და ეკონომიკის უმთავრესი პროდუქტია, უნდა არსებობდეს აკადემიური სივრცე, სადაც მოხდება ღვინის სამართლის კვლევა და სწავლება.

სამართლებრივი რეგულაციები რომ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარდეს და ასევე - იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც სხვა განვითარებულმა ღვინისმწარმოებელმა ქვეყნებმა ბევრი წლის წინ და წლების განმავლობაში გაიარეს, მნიშვნელოვანია ამ ცოდნის და გამოცდილების სისტემური კვლევა, კადრების მომზადება. შესაბამისად, დავიწყე ქართული ღვინის სამართლის რეგულაციების აქტიური კვლევა შედარებით-სამართლებრივ კონტექსტში, მოვამზადე სასწავლო მასალა, სილაბუსი. გავიცანი და კარგი კოლაბორაცია შედგა პრაქტიკოს იურისტებთან, რომლებიც 15 წელია ღვინის კომპანიების იურიდიული მომსახურებას ახორციელებენ და რომლებიც არიან ღვინის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრები და საქართველოს ღვინის იურისტთა ასოციაციის დამფუძნებლები - ელენე თოთიბაძე და ირინა ფილაური. დავაფუძნეთ ღვინის სამართლის კლინიკა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე, ამ ეტაპზე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.

კლინიკის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, გაიაროს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მომზადება ღვინის სამართლის ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციებს შესახებ. მონაწილეობა მიიღოს ღვინის სექტორის წარმომადგენლებისთვის იურიდიულ კონსულტაციებში, მოამზადოს დოკუმენტები ადმინისტრაციულ ორგანოებში, საქპატენტში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში, შეადგინოს ხელშეკრულებები, დაწეროს კანონპროექტები, იმუშაოს კანონპროექტებზე, მოამზადოს დასკვნები, საკანონმდებლო ორგანოსთვის წარსადგენ კანონპროექტებთან დაკავშირებით. იმუშაოს ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო საქმეებზე, რომლებიც ეხება ღვინის სექტორის სხვადასხვა სუბიექტს: მევენახე, მეღვინე-მეწარმე, ღვინის დისტრიბუტორი, ექსპორტ-იმპორტიორი. მუშაობის პროცესში უშუალოდ გაეცნოს ღვინის სექტორის სხვადასხვა დონეების სპეციფიკას, ამ სფეროში არსებულ თავისებურებებს, რომელთა სამართლებრივი მოგვარება მოითხოვს სამართლის სხვადასხვა დარგების დეტალურ ცოდნას და გამოცდილებას.

სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს რეალურ და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში; რეალურ საქმის წარმოებაში - სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის, ღვინის სერტიფიცირების, ღვინის რეალიზაციისა და ექსპორტ-იმპორტის იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში.

ამავე დროს, ღვინის სამართლის კლინიკა, მართალია, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტზეა დაფუძნებული, მაგრამ მისი განხორციელების ბაზაა ააიპ საქართველოს ღვინის იურისტთა ასოციაცია, რომელიც თავის მხრივ მჭიდროდ თანამშრომლობს ღვინის იურისტთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის წევრიცაა მსოფლიოში ყველა ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ღვინის იურისტი, მოსამართლე, სამართლის პროფესორი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს მდგრადი და უწყვეტი თანამშრომლობა სხვა ქვეყნების ღვინის სამართლის ინსტიტუტებთან, კლინიკებთან და პრაქტიკოს იურისტებთან. ერთ-ერთი ყველაზე ახლო გეგმა, რომელიც შამპან არდენის უნივერსიტეტის ვაზისა და ღვინის ცენტრთან კლინიკის თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება, ეს გახლავთ ჩვენი სტუდენტების მონაწილეობა ღვინის სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

- საქართველოს კანონივაზისა და ღვინის შესახებდა სხვა ნორმატიული აქტები, რაზეც დამოკიდებულია ქართული მევენახეობის და მეღვინეობის განვითარება, ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროებს სისტემურ ცვლილებებსერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის, მაგალითად, მშრალი ღვინოების დაყენების აკრძალვა ისეთი ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელებების რეგლამენტებით, როგორიცაახვანჭკარა, ქინძმარაული და ტვიში. ამ მიკროზონებში მაღალი ხარისხის მშრალი ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი და აყენებს კიდეც ასეთ ღვინოებს რამდენიმე მეღვინე, მაგრამ მათ კანონმდებლობა უკრძალავს ეტიკეტებზე ადგილწარმოშობის დასახელებების გამოყენებას. ამავე დროს, ეს ნახევრად ტკბილი ღვინოები, ფაქტობრივადრუსეთის ბაზრისთვისაა გათვალისწინებული და შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მიკროზონებში მხოლოდ ნახევრად ტკბილი ღვინოების წარმოება წარმოადგენს საბჭოთა პერიოდის მეღვინეობის ინერციას, რადგან სსრკ- შემადგენლობაში საქართველოში წარმოებული ღვინო მხოლოდ რუსეთის და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. დღესდღეობით კი გასათვალისწინებელია, რომ ნახევრად ტკბილ ღვინოებს დასავლეთის ბაზარი, ფაქტობრივად, არ ცნობს და ასეთი ტიპის ღვინის გაყიდვა აშშ-ში და ევროპაში შეუძლებელია. გამოსავალი არის, რომ კანონმდებლობით იყოს დაშვებული ხვანჭკარის, ქინძმარაულის და ტვიშის სახელწოდებით მშრალი ღვინოების დაყენება, რაზეც საჭიროა არსებითი ცვლილებები კანონმდებლობაში და ფაქტობრივად, სრული რეფორმა. თუ იმუშავებს თქვენი კლინიკა ასეთ სისტემურ ცვლილებებზე და თუკი კონკრეტული ინიციატორები გამოჩნდებიან, გაუწევთ მათ ლობირებას?

- სრულიად გეთანხმებით და მიმაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ღვინის სექტორში ნამდვილად საჭიროებს რეფორმირებას, ცვლილებებს და მთლიანობაში საუკეთესო სამართლებრივი პრაქტიკის შესაბამის განვითარებას. მე გახლავართ ღვინის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, რომელიც აერთიანებს მთელ მსოფლიოში ყველა ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ღვინის იურისტებს, როგორც მოქმედ პრაქტიკოსებს, ისე აკადემიური და საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლებს. ასოციაცია მუშაობს მთელ რიგ სამართლებრივ საკითხებზე, ღვინის სექტორის რეგულაციების განვითარებაზე, გამოწვევებზე. ჩვენი კლინიკის განმახორციელებელი და პარტნიორი, ელენე თოთიბაძე გახლავთ ამ ასოციაციის ბორდის წევრი. სწორედ ამ ასოციაციის ფარგლებში, ჩემი ავტორობით, უკვე მესამე განახლებული გამოცემა მომზადდა და გამოიცა, სადაც მიმოხილულია სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის უკვე საქართველოს ღვინის სამართლებრივი რეგულაციები. ასოციაციის წევრები წელიწადში რამდენჯერმე იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყანაში და ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას და მსჯელობენ გამოწვევებზე.

რა თქმა უნდა, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება გახლავთ სწორედ ღვინის სექტორის ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, განვითარება. ჩვენი მიზანი - უპირველეს ყოვლისა შეგვექმნა  ღვინის იურისტთა გუნდი, ამ ეტაპზე მიღწეულია. ეს ფორმატი არსებობს, რომელიც მუდმივად ვითარდება, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, მათი გამოცდილების გაზიარებით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით. შესაბამისად, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, მზად ვართ ვიმუშაოთ სისტემურ ცვლილებებზე და თუკი კონკრეტული ინიციატორები გამოჩნდებიან, გავუწიოთ მათ ლობირება. უფრო, მეტიც ჩვენი ამბიციაა ვიყოთ ყველა მეღვინის სამართლებრივი ხმა, ვისთვისაც ღვინო, მისი ხარისხი, ცნობადობა  და ავთენტურობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა