
5-7 ივნისს თბილისის საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას WineExpo Georgia 2026-ს მასპინძლობდა. ტრადიციულად ღონისძიების ფარგლებში Georgia International Wine Awards 2026 ჩატარდა და სადეგუსტაციო ჟიურიმ საუკეთესო ღვინოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. ჟიურის წევრები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ღვინის პროფესიონალები არიან, რომელთა შეფასება მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის აღიარებისთვის.
შეგახსენებთ წლევანდელი ჟიურის შემადგენლობას: სახელოვანი ღვინის მაგისტრები და ქართული ღვინის დიდი გულშემატკივრები ტიმ ატკინი და კენიჩი ოჰაში; ღვინის ექსპერტი, Decanter World Wine Awards (DWWA) 2026-ის თანათავმჯდომარე ბეთ ვილარდი; უცხოელი მეღვინეები - გერდ შტეპი და მარტა კასასი; ღვინის ექსპერტი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, სადეგუსტაციო კომისიის წევრი მაგდა სურგულაძე; მეღვინე, ენოლოგი თემურ დაქიშვილი; - ენოლოგი მიხეილ მესხი; მეღვინე, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი; ენოლოგი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი დავით ჩიჩუა.
სპეციალური პრიზები გადაეცათ როგორც კლასიკური ტექნოლოგიით, ისე ქვევრის მეთოდით დამზადებულ ღვინოებს.
ქართული ღვინის ინდუსტრია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტრადიციული მეღვინეობა თანამედროვე ბაზარზეც კონკურენტუნარიანია. Georgia International Wine Awards 2026 ზე გამოვლენილმა გამარჯვებულებმა ნათლად აჩვენეს, რომ ხარისხის, ავთენტურობისა და მრავალფეროვნების მიმართულებით განსაკუთრებული წარმატება სწორედ ქვევრის ღვინოებსა და მცირე მარნებს აქვთ.
Georgia International Wine Awards 2026 ოქროს მფლობელი გახდა 16 ღვინო:
თეთრი მშრალი
გიუაანი, სამი კასრი, 2023
ფერაძის მეღვინეობა, კრახუნა 2023
თეთრი მშრალი ქვევრი
საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, რქაწითელი ქვევრი ბუკეტი, 2024
39 Qvevri, გორული მწვანე, 2024
39 Qvevri, ხიხვი, 2023
39 Qvevri, ქისი, 2022
ჩელთი, ქისი ქვევრი, 2023
ბინეხი, რქაწითელი ქისი-ქვევრი, 2021
საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, ქისი ქვევრი ბუკეტი, 2024
წითელი მშრალი
ჩელთი, საფერავი 2016
ჩელთი, საფერავი 2015
ნიმბი, საფერავი 2024
ქართველი, საფერავი რეზერვი - 2022
წითელი მშრალი ქვევრი
ჩელთი, საფერავი, მემკვიდრეობა, 2017
საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, საფერავი ქვევრი ბუკეტი – 2021
თეთრი ტკბილი
დუგლაძეების ღვინის კომპანია, ხიხვი, 2018
წლევანდელი კონკურსის შედეგები საინტერესო სურათს გვაძლევს: ოქროს მფლობელი ღვინოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვევრის მეთოდით დაყენებულ ღვინოებზე განაწილდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა თეთრი მშრალი ქვევრის კატეგორია, სადაც ერთდროულად შვიდმა ღვინომ მოიპოვა აღიარება. გამარჯვებულებს შორის იყვნენ როგორც უკვე კარგად ცნობილი მწარმოებლები, ისე საოჯახო მარნები, რომლებიც ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და უნიკალურ ხასიათს წარმოაჩენენ.
ოქრო სულ 16 ღვინოს გადაეცა, საიდანაც 9 ქვევრის ღვინო იყო. შესაბამისად, გამარჯვებული ღვინოების მეტი წილი სწორედ ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებულ პროდუქციაზე მოდის.
რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელ ღვინოებს, ვერცხლის მედალი გადაეცა სულ 90 ღვინოს შემდეგ კატეგორიებში: თეთრი მშრალი - 16; თეთრი მშრალი ქვევრი - 20; წითელი მშრალი - 24; წითელი მშრალი ქვეევრი - 17; როზე - 2; თეთრი ნახევრად ტკბილი - 3; წითელი ნახევრად ტკბილი - 7; წითელი ტკბილი - 1.
ბრინჯაო კი 86 ღვინოს გადაეცა: თეთრი მშრალი - 24 ღვინო; თეთრი მშრალი ქვევრი - 23; წითელი მშრალი - 18; წითელი მშრალი ქვევრი - 6; როზე - 3; თეთრი ნახევრად ტკბილი - 4; წითელი ნახევრად ტკბილი - 7; წითელი ტკბილი - 1.
გამარჯვებული ღვინოების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ Winexpo Georgia -ს გვერდზე.
ყველა გამარჯვებულს მთელი გულით ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი