Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ვენახის მწვანე ოპერაციები - მევენახეობის გაზაფხული

ლევან სეფისკვერაძე

ვენახში გაზაფხული მხოლოდ ბუნების გაღვიძება არ არის. ეს ის პერიოდია, როდესაც მევენახე მთელი წლის მოსავლის საფუძველს ქმნის. სწორედ ამ დროს იწყება .. მწვანე ოპერაციები - პროცესი, რომელიც ვაზის ზრდის, განვითარების, მოსავლიანობისა და საბოლოოდ ღვინის ხარისხის ერთგვარ მართვას გულისხმობს. ხშირად ამბობენ, რომ კარგი ღვინო ვენახიდან იწყება. ამ გამოთქმაში დიდი სიმართლეა, რადგან გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში ჩატარებული სამუშაოები პირდაპირ განსაზღვრავს, როგორი ყურძენი მივა რთველამდე.

მწვანე ოპერაციები მოიცავს ვეგეტაციის საწყისი ეტაპის შემდგომ ვაზის ზრდის კონტროლს, ზედმეტი ყლორტების მოცილებას, ნაზარდის სწორ განაწილებას, ფოთლების ნაწილობრივ შეცლას, ნამხრევების მოცილებას, ყურძნის რაოდენობის რეგულირებას და სხვა მრავალ პროცესს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვაზმა ენერგია სწორად გადაანაწილოს, უკეთ განიავდეს, მზემ თანაბრად დაათბოს მტევნები და შესაწამლი პრეპარატებიც ისე მიესხუროს, რომ დაავადებების რისკი შემცირდეს.

გაფურჩქვნა - ვაზის ახალი წლის დასაწყისი

გაზაფხულზე ზამთრის ძილის შემდეგ ვაზის კვირტები იხსნება და პატარა მწვანე ყლორტები ჩნდება. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ახალი სავეგეტაციო წელი. როგორც გამოცდილი მევენახეები ამბობენ, ვაზის შემდგომი ზრდა და მწვანე ოპერაციების დაწყება დამოკიდებულია ტემპერატურაზე. სხვადასხვა რეგიონებისა თუ ვაზის ჯიშების მიხედვით, ეს პროცესი განსხვავებულ დროს იწყება.

მაგალითად, მევენახეების დაკვირვებით, კახეთში ორი თითქმის ერთნაირი ვაზის ჯიში -  საფერავი და ბუდეშურისებრი საფერავი სხვადასხვა დროს იწყებს ვეგეტაციას. ბუდეშურისებრი საფერავი ერთი კვირით ადრე იფოთლება. ასევე, მცვივანი კახური, მაგალითად, კვირტიდან რქაწითელზე ადრე გამოდის.

ახალგაზრდა ყლორტები ძალიან მგრძნობიარეა გაზაფხულის ყინვების მიმართ. ბოლო წლებში მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ ადრეული ვეგეტაცია და შემდგომი მოულოდნელი ყინვები იქცა. მაგალითად, 2025 წლის გაზაფხულზე ევროპის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის - შამპანის რეგიონში, ვაზი 2 კვირით ადრე გამოვიდა კვირტიდან, რის შემდეგაც ყინვები დაიჭირა და ვენახები ძლიერ დააზიანა. მსგავსი ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც შეიმჩნევა, განსაკუთრებით - შიდა ქართლში და იმერეთში.

ვენახები 2026 წლის გაზაფხულზე

2026 წლის გაზაფხული ევროპელი მევენახეებისთვის საკმაოდ რთულად დაიწყო. ზამთრის ბოლოს და მარტში მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდა, რამაც ვაზის ნაადრევი გაღვიძება გამოიწვია.  ადრეულმა სითბომ კვირტები სწრაფად გახსნა, შემდეგ კი აპრილის ყინვებმა ახალგაზრდა ყლორტები დააზიანა. ზოგიერთ რაიონში მოსავლის 30-40%-მდე ზარალზეც საუბრობენ.

მევენახეები აქტიურად იყენებდნენ ყინვასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საფრანგეთის ვენახებში ღამით ანთებული ყინვის საწინააღმდეგო სანთლები, რომელთა გამოყენებით ვენახებში ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით აწევა ხერხდება.

ამავე დროს, ევროპის ბევრ რეგიონში გაზაფხული უჩვეულოდ ნოტიო აღმოჩნდა. მაღალი ტენიანობა და თბილი ამინდი სოკოვანი დაავადებების - ჭრაქის და სიდამპლის გავრცელებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

ასეთი კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ვენახებში მწვანე ოპერაციების ჩატარება მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. მევენახემ უნდა იცოდეს, რა გაარიდოს ვაზს და რა დატოვოს.

მწვანე ოპერაციები საქართველოში

საქართველოში მწვანე ოპერაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვაზი ხშირად ძალიან სწრაფად იზრდება და თუ მისი სწორად მართვა არ მოხდა, ვენახს შეიძლება დიდი პრობლემები შეემნას. განსაკუთრებით - კახეთში, სადაც თბილი გაზაფხული და ნოყიერი ნიადაგი ვაზს ძლიერი ვეგეტაციის საშუალებას აძლევს.

ევროპისა და ამერიკის მრავალი რეგიონისგან განსხვავებით, საქართველოში ვენახების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ხელით მუშავდება. ყლორტების შეცლა, გაფურჩქვნა და ზედმეტი ნაზარდის - ე. წ. ქირქების მოცილება და ფოთლების გაკრეჭა ძირითადად ხელით კეთდება.

კახეთში განსაკუთრებით გავრცელებულია ზედმეტი და უსარგებლო ყლორტების მოცილების წესი. ამას ხშირად მაისში აკეთებენ, როდესაც უკვე ჩანს, რომელი ყლორტი იქნება მსხმოიარე და რომელი არა. ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ზედმეტი ყლორტები ვაზს ენერგიას ართმევს.

ზოგჯერ განსაკუთრებით მაღლარი და ძლიერ მზარდი ვენახები საჭიროებს სწორ განიავებას, რათა ტენი არ დაგროვდეს. დასავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტენიანობა მაღალია, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხშირი წვიმები დაავადებების რისკს ზრდის.

კახეთში მევენახეები ხშირად ფოთლების ნაწილობრივ შეცლას უფრო ფრთხილად ცდილობენ, რადგან ფოთოლგაცლილ ვაზზე ზაფხულში ზედმეტმა მზემ შესაძლოა მტევნები დაწვას.

ყვავილობა - ახალი მოსავლის დაბადება

ვაზის ყვავილობა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან სწორედ ამ დროს ყალიბდება მომავალი მტევანი. კარგი ამინდი ყვავილობის დროს ნიშნავს უკეთეს დამტვერვას და უფრო ხარისხოვან, კუმს მტევანს. ვაზის ყვავილობისას მწვანე ოპერაციები დაუშვებელია, რადგან დამტვერვის პროცესი შეიძლება შეფერხდეს. ამ დროს ქართველი მევენახეები ვენახში შესვლას ერიდებიან და თუკი გარდაუვალი აუცილებლობა არ არის, ყვავილების დასრულებამდე ვენახებს არც წამლიან.

წვიმა, ძლიერი ქარი ან სიცივე ყვავილობის დროს პრობლემას ქმნის. ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება ისე, რომ მტევანი ვერ გამოდის სრულად და ნაწილობრივ ცარიელი რჩება.

2026 წელს, გახშირებული წვიმების და სივივეების გამო, საქართველოს მევენახეობის ტრადიციულ რეგიონებში ყვავილობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა. როგორც მევენახეები ამბობენ, წელს „ნაგვიანები წელია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეგეტაციაც გვიან დაიწყო და ყვავილობამაც რამდენიმე დღით იქით გადაიწია. შესაბამისად, მწვანე ოპერაციებიც დაგეგმილზე გვიან ტარდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა