
ლევან სეფისკვერაძე
სავენახე მიწების ფასები მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების მიხედვით იცვლება. ბოლო წლების კლიმატური ცვლილებები, მოთხოვნის ზრდა და რეგიონული კრიზისები პირდაპირ გავლენას ახდენს სავენახე მიწების ფასებზე. ჩვენ ვეცადეთ დაგვედგინა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისა და საქართველოს სავენახე მიწების ფასები (უკვე გაშენებული ვენახების ფასები სხვა საკითხია და ამაზე ცალკე ვისაუბრებთ). ფასების პერიოდული ცვლილებების დადგენა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ არამხოლოდ დღევანდელი ვითარება, არამედ თვალი ვადევნოთ ტენდენციებს და გავაკეთოთ პროგნოზები თუნდაც მომდევნო 10 წლის მანძილზე.
საფრანგეთი და იტალია
საფრანგეთში ვენახების ფასი მჭიდროდ უკავშირდება აპელასიონებს და რეგიონის პრესტიჟულობას. ყველაზე ძვირი მიწები ბურგუნდიისა და ბორდოს რეგიონებშია. ბურგუნდიაში 2024 წელს ჰექტარი სავენახე მიწა საშუალოდ 6-7 მილიონი ევრო ღირდა. ბორდოში ფასები შედარებით ცვალებადია და ჰექტრის ფასი დაახლოებით 1 მილიონ ევრომდეა.
ბოლო ათწლეულში მაღალი ფასები შენარჩუნდა საფრანგეთის ცნობილ რეგიონებში, თუმცა კლიმატური ცვლილებებმა მევენახეობისთვის შედარებით ახალ რეგიონებისადმი ინტერესი გაზარდა.
ფრანგი ეკონომისტების ვარაუდით, მომავალ 10 წელიწადში ბურგუნდიის საუკეთესო მიწების ფასი შესაძლოა 10-15%-ით კიდევ გაიზარდოს, მაგრამ ნაკლებად ცნობილ რეგიონებში ფასები შესაძლოა სტაბილიზდეს ან ცოტათი დაეცეს კიდეც.
იტალიაში ფასები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, პიემონტიში, ბაროლოს ჯიშის ყურძნის ზონაში ჰექტარი მიწა 400,000-დან 1 მილიონ ევრომდე ღირს. ტოსკანაში, ლეგენდარულ კიანტი კლასიკოს რეგიონში ჰექტარი სავენახე მიწის ფასები 150,000-დან 600,000 ევრომდე მერყეობს. იტალიაში ბოლო წლებში იძალა კლიმატის ცვლილებამ და ხშირია გვალვიანობა, რაც მიწის ფასების ზრდას აფერხებს, მაგრამ უცხოელი ინვესტორების მიერ ამ სფეროში დაბანდებული თანხები (განსაკუთრებით ამერიკელები და ჩინელები) ფასების სიმყარეს განაპირობებს.
ესპანეთი, პორტუგალია და გერმანია
ესპანეთში სავენახე მიწები შედარებით იაფია. განსაკუთრებით ლა მანჩაში ჰექტარი 8,000-დან 30,000 ევრომდე ღირს. რუედასა და რიბერა დელ დუეროში ფასები ოდნავ მაღალია (საშუალოდ 15,000 ევრო). ბოლო წლებში ესპანეთის მევენახეობას ახასიათებს დაბალი ნალექიანობა, მევენახეობით დაინტერესებული მოსახლეობის კლება და სავენახე მექანიზაციის არცთუ მაღალი დონე.
პორტუგალიაში, ცნობილ დაუროს ხეობაში მიწის ფასები გაიზარდა. ჰექტარის ფასი დაახლოებით 50,000-დან 200,000 ევრომდე გახდა. საუბარია ძირითადად პორტვეინის მწარმოებელ რეგიონებზე.
გერმანიაში რაინგაუსა და მოზელის რეგიონებში სავენახე მიწის ფასები 100,000–500,000 ევრომდე მერყეობს. კლიმატური ცვლილებები გერმანიაშიც აქტუალურია და ამის გამო ახალი ვენახები სამხრეთის ნაცვლად უფრო ჩრდილოეთ რეგიონებში შენდება.
აშშ, არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია
აშშ-ში კალიფორნიაში მდებარე ცნობილ ნაპა ველიში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სავენახე მიწებია. 2025 წლის მონაცემებით აქ ჰექტარი 700,000 – 2 მილიონი დოლარი ღირს. 2017 წლის ხანძრებმა და 2020 წლის გვალვამ ნაპა ველის მიწების ფასის გარკვეული ვარდნა გამოიწვია, თუმცა 2024 წლის შემდეგ ფასები ისევ ზემოთ მიიწევს.
არგენტინი მევენახეობით სახელგანთქმულ მენდოსას რეგიონში ფასები კალიფორნიასთან შედარებით დაბალია და ჰექტარის ფასი 15,000–60,000 დოლარია. სხვა რეგიონებისგან განსხვავებუთ არგენტინის მევენახეობა-მეღვინეობას კლიმატური სტაბილურობა და საერთაშორისო ექსპორტის ზრდა ახასიათებს.
ეკონომისტთა შეფასებით, მომდევნო ათწლეულში ავსტრალიას და ახალ ზელანდიას კლიმატის ცვლილების გამო ბევრი პრობლემა შეექმნება და ეს სავენახე მიწების ფასების სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.
ავსტრალიაში, მევენახეობისთვის საუკეთესო ბაროსას ხეობაში მიწის ფასები 40,000–150,000 ავსტრალიური დოლარის ფარგლებში მერყეობს.
საქართველო
საქართველოში სავენახე მიწებზე ფასების ზრდა თუ შემცირება ძირითადად რეგიონებზე, მის მეღვინეობის კუთხით ცნობადობასა და მიწების სიმცირეზეა დამოკიდებული. კახეთში (მუკუზანი, კარდანახი, წინანდალი) ჰექტარი მიწის ფასი 10,000 – 40,000 ლარამდეა. ქართლში ჰექტარი მიწა 10,000 – 45,000 ლარი ღირს. რაჭასა და ლეჩხუმში 20-50 ათასი ლარი ღირს. გამონაკლისია უსახელოურის მიკროზონა (სოფელი ზუბი და ოყურეში) სადაც ცარიელი სავენახე მიწა შეიძლება 80, 000 ლარიც კი ღირდეს.
ბოლო 5 წელიწადში საქართველოში სავენახე მიწის ფასები 25-30%-ით გაიზარდა, რაც ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების გააქტიურებას უკავშირდება. მევენახეები ვარაუდობენ, რომ კახეთის საუკეთესო ტერუარებში ჰექტრის ფასი 10 წელიწადში 50,000–70,000 ლარამდე გაიზრდება, თუმცა მევენახეობისთვის ნაკლებად საინტერესო და განსაკუთრებით კი ჭალის მიწებზე ფასის შემცირებაა მოსალოდნელი.
ვენახების და სავენახე მიწების ფასები მჭიდროდ უკავშირდება გეოგრაფიას, კლიმატს, კულტურულ ღირებულებებს და ბაზრის მოლოდინს. საქართველო, თავისი უნიკალური ნიადაგებითა და მევენახეობის კულტურით, პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონია ინვესტორებისთვის. მომდევნო 10 წელიწადში წესით უფრო კარგად გამოჩნდება დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რაც ქართველ მევენახეს შეიძლება მიეცეს თუკი საქართველოს ევროპისკენ სვლა არ შეფარხდება და სავენახე მიწები სწორედ სავენახედ იქნება გამოყენებული.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი