ლევან სეფისკვერაძე
„თბილღვინო“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შეიძლება ითქვას ისტორიული ქართული ღვინის კომპანიაა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. კომპანიამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის დამკვიდრებაში. აღსანიშნავია კომპანიის აქტიური თანამშრომლობა „ახალი ღვინის ფესტივალთან“ - ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენასთან ქართულ მეღვინეობაში, რომელიც აერთიანებს როგორც დიდ მწარმოებლებს, ისე მცირე მარნებს და ხელს უწყობს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას. „თბილღვინო“ ერთ-ერთი დიდი ღვინის კომპანიაა, რომელიც „ახალი ღვინის ფესტივალის“ დაარსებიდან დღემდე მასში ყოველწლიურად მონაწილეობს.
გთავაზობთ ინტერვიუს „თბილღვინოს“ თანადამფუძნებელთან, გაგა მარგველაშვილთან, რომელიც გვიყვება როგორც კომპანიის განვითარების გზაზე, ისე „ახალი ღვინის ფესტივალის“ მნიშვნელობასა და ქართული მეღვინეობის პერსპექტივებზე.
- რა არის თქვენთვის „ახალი ღვინის ფესტივალი“ და რა იყო ფესტივალში ჩართვის მოტივაცია 16 წლის წინ?
- ღვინის კლუბის ხელმძღვანელმა მალხაზ ხარბედიამ ახალი ღვინის ფესტივალის შესახებ იდეა როცა გამიზიარა, მასთან უკვე რამდენიმეწლიანი მეგობრობა მაკავშირებდა. მახო ჩემთვის აღმოჩენა იყო და როდესაც გავიცანი, ის იყო პირველი ქართველი ღვინის მწერალი - ქართველი ჰიუ ჯონსონი და ოზ კლარკი. განვცვიფრდი, რომ თურმე საქართველოში ასეთი ხალხი არსებობდა. „ახალი ღვინის ფესტივალი“ ჩემთვის იყო როგორც ბოჟოლეს ღვინის ფესტივალის მსგავსი, რომელზეც არც ვიყავი ნამყოფი. მახომაც ამ მოტივაციით შემომთავაზა ეს იდეა - ფრანგებს თუ აქვთ ბოჟოლე, ჩვენ რატომ არ უნდა გვქონოდა?!
- იმ დროს რამდენად რეალური იყო ბოჟოლეს მსგავსი ფესტივალის იდეის ქართულ რეალობაში გადმოტანა?
- მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენ ჯერ არ გვქონდა ბოჟოლეს მსგავსი ღვინოები, იდეა ის იყო, რომ ქართველ მეღვინეს ბოლო მოსავლის ღვინო როცა დაუმწიფდებოდა, პირველად გახსნის სიხარული სხვებისთვისაც გაეზიარებინა და უნდა მოწყობილიყო სახალხო ზეიმი. ფესტივალი კი ერქვა, მაგრამ ეს ნამდვილი სახალხო ზეიმი იყო. თავიდან ცოტა ვღელავდი და ვფიქრობდი, რომ შეიძლება დიდი ხანი ვერ ეარსება, მაგრამ პირველივე ფესტივალი ისეთი დიდი ენთუზიაზმით მიიღო ხალხმა და ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ წლიდან წლამდე ღონისძიება მხოლოდ იზრდებოდა.
- რა გახდა ფესტივალის ზრდისა და პოპულარობის მთავარი მიზეზი?
- მე ვფიქრობდი, რომ ეს უფრო მეტად იყო მცირე მარნებისთვის, მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ყველანაირი სიდიდის ღვინის საწარმო, რადგან ფესტივალში მთელ სპექტრს უნდა მიეღო მონაწილეობა. ეს გვაძლევს ჰარმონიზაციას და ხდება სფეროს განვითარებაც. „ახალი ღვინის ფესტივალი“ თავიდანვე იყო გამაერთიანებელი ყველა ტიპის და სტილის მარნისა და მეღვინისთვის.
- ამ 16 წლის მანძილზე რა მოხდა თქვენს კომპანიაში და რა შეიცვალა?
- რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება და ჩვენც, როგორც კომპანიაც, შევიცვალეთ. სხვათა შორის, გამახსენდა რომელიღაც ძველი ბრძენის ნათქვამი და მახოს მიერ ინტერპრეტირებული სიტყვები: „ერთ ღვინოში ორჯერ ვერ შეხვალ“. ღვინოც იცვლება და ადამიანებიიც იცვლებიან. ამ 16 წელიწადში ორჯერ კი არა, ალბათ ასჯერ შევიცვალეთ. როგორც იცით, ჩვენი კომპანია სათავეს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს. 1962 წელს გაიხსნა „თბილღვინო“. 2012 წელს ჩვენ გავხსენით მეორე საწარმო. იმ დროისთვის ვენახებიც არ გაგვაჩნდა და ძირითადად ვიბარებდით ყურძენს. პირველი რთველი 1999 წელს მივიღეთ, მე, ჩემი ძმა და გუნდის წევრები კახეთში დავდიოდით, იქ ვქირაობდით ქარხანას, გლეხებისგან ყურძენს ვყიდულობდით, იქ ვამუშავებდით და მერე ჩამოგვქონდა თბილისში. ოცნება გვქონდა, რომ საკუთარი ვენახები და ე.წ. პირველადი ქარხანა გვქონოდა.
- რამდენად რთული იყო ამ ოცნების რეალობად ქცევა?
- თქვენს მიერ ხსენებულ 16 წელიწადში ეს ყველაფერი რეალობად იქცა და უკვე 2012 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ინვესტიციით შევძელით ყვარელში აგვეშენებინა მარანი. ორ წელიწადში დავიწყეთ ვენახების გაშენება. თავიდან, რადგან გამოცდილება არ გვქონდა, საპილოტედ 3-4 ჰექტარზე გავაშენეთ ვენახი და მასზე დაკვირვებით გავარკვიეთ, რა საჭიროება აქვს ვენახს, რა ხარჯს მოიცავს თითოეული ვაზის ჯიში კონკრეტულ მიკროზონაში, რამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ასე შემდეგ. თანდათან გავზარდეთ ვენახების ფართობები და ახლა კახეთში 6 ლოკაციაზე გვაქვს ვენახები გაშენებული. გვაქვს 403 ჰექტარი ვენახი, რომელთა დიდი ნაწილი (300 ჰექტრამდე) საფერავია. გვაქვს შედარებით იშვიათი ჯიშებიც - მცვივანი, ხიხვი, მუჯურეთული და სხვა. სხვათა შორის, კახეთში გავაშენეთ ცნობილი რაჭული ვაზის ჯიში ალექსანდროული, რომელმაც კახეთში ძალიან გაამართლა და პრემიუმ კოლექციაში შევიტანეთ. ასევე გვქონდა ვარდისფერი რქაწითელიც. რაც მთავარია, ჩვენი ღვინო გავიტანეთ არაერთ ქვეყანაში და საექსპორტო ასპარეზი გავაფართოვეთ.
- როგორ იმოქმედა რუსეთის ემბარგომ თქვენს საქმიანობაზე და როგორ მოახერხეთ კრიზისის გადალახვა?
- რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს მერე ჩვენი ბაზრის 50% დავკარგეთ, მაგრამ მალევე შევძელით აღდგენა და იმ პერიოდში „თბილღვინოს“ გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. უკვე 2008 წელს იმპორტის თვალსაზრისით სხვა ბაზრებით მთლიანად ჩავანაცვლეთ რუსეთის ემბარგოს მიერ დატოვებული დანაკლისი. ერთ პერიოდში საქართველოდან ღვინის გატანის კუთხით ყველაზე მსხვილი ექსპორტიორებიც კი ვიყავით.
- რა არის თქვენი დღევანდელი სტრატეგიული ხედვა?
- ბოლო პერიოდში დავნერგეთ ახალი ხედვა მეღვინეობაში. გვაქვს ამბიცია, გავხდეთ პირველი გლობალური ქართული ღვინის ბრენდი, რაც გულისხმობს იმას, რომ მსოფლიოს ღვინის ყველაზე დიდ ბაზრებზე უნდა წარვდგეთ ისეთი შეთავაზებებით, რომელიც მათთვის საინტერესო იქნება. ამის საფუძველი 2018-2019 წლებში შევქმენით, როდესაც შევარჩიეთ 8 საუკეთესო ნაკვეთი, სადაც მოწეული ყურძნისგან შევქმენით 8 ღვინო და ყველა ეს ღვინო მიბმულია კონკრეტულ ნაკვეთზე, როგორც მსოფლიოში ცნობილი ლეგენდარული ღვინოებია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევქმენით ერთგვარი ჩვენი ადგილწარმოშობები.
- როგორ აფასებთ დღეს ქართული ღვინის მიმართ საერთაშორისო ინტერესს?
- საქართველოთი ბოლო დროს ბევრი ინტერესდება. ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ და მუდმივად ვეძებთ პრობლემებს. უცხოეთის ფესტივალების უმეტესობაში უფრო საქმიანი გარემოა, ჩვენს „ახალ ღვინის ფესტივალზე“ კი ამას დამატებული აქვს ზეიმის ელემენტი თუ დააკვირდებით უცხოელებს, თითქმის ყველა დადებითი შთაბედილებებით ბრუნდება თავის ქვეყანაში. ვინც ნამყოფია ამ ფესტივალზე, ყველას უნდა დაბრუნება მომდევნო წელს, ხოლო ვინც არ ყოფილა, ბევრს სურს ჩამოსვლა და ფესტივალზე დასწრება.
- როგორ შეიცვალა ქართული მეღვინეობა ბოლო წლებში?
-1999 წელს, როდესაც ამ ბიზნესში ჩემს ძმასთან ერთად აქტიურად ჩავები, სულ იყო დაახლოებით 100 დიდი ღვინის საწარმო. რუსეთის ემბარგოს შემდეგ ეს რიცხვი განახევრდა და დარჩა დაახლოებით 50 საწარმო. დღეს რეგისტრირებულია 2000-მდე კომპანია, მათ შორის დაახლოებით 1500 აქტიური მარნია, რომლებიც ღვინოს უცხოეთშიც ყიდიან. ამ მრავალფეროვნებაში უამრავი ტალანტი იბადება, კულტურა ყალიბდება, მოდის ახალი თაობები და პროგრესი თვალსაჩინოა.
- როგორ წარმოგიდგენიათ ქართული მეღვინეობა, ვთქვათ, 20 წლის შემდეგ?
- ხარისხის კუთხით ქართულ ღვინოს კარგი დინამიკა აქვს და იხვეწება. მარნების სიმრავლე კონკურენციას ზრდის და დარწმუნებული ვარ, ხარისხის მხრივ ქართული ღვინო მიაღწევს იმ დონეს, როგორიც აქვთ მსოფლიოში მეღვინეობის წამყვან ქვეყნებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი