
ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის ივნისის ნომერში დაიბეჭდა სტატია მარიანა ჰანტის ავტორობით, რომელიც სომელიეებისა და მათი პროფესიული საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს.
სტატიას შემდეგი ეპიგრაფი ერთვის: „შეიძლება ოქსიმორონივით ჟღერს, მაგრამ ისინი ნამდვილად არსებობენ, ისევე როგორც ადამიანები, რომლებმაც ალკოჰოლის მიღება შეამცირეს. რა შეიძლება ვისწავლოთ მათგან პასუხისმგებლიანი დალევის შესახებ?
ხშირად ისე ჩანს, რომ ღვინის მოყვარულების მთელი ცხოვრება ღვინის გარშემო ტრიალებს:
მეგობრები, საუბრის თემები, საკითხავი მასალა. მით უმეტეს, სომელიეების შემთხვევაში, რომელთათვისაც დილის 11 საათზე ბოთლის გახსნა სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ თუ კვლევებს დავუჯერებთ, მომხმარებლები სულ უფრო ნაკლებს სვამენ ან საერთოდ წყვეტენ სმას, მაშინ ხომ წარმოსადგენია, რომ ზომიერების ტალღა სომელიეების სამყაროშიც შეაღწევს?
რამდენიმე წლის წინ „ფხიზელი სომელიე“ თითქმის წარმოუდგენელი ფენომენი იქნებოდა, მაგრამ დღეს რეალობაა. „არსებობს ტენდენცია ზომიერებისა და ჯანსაღი მოხმარებისკენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში,“ – ამბობს ფედერიკა ძანგირელა, ბრიტანეთის სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, – „ეს ხშირად ჩანს კურსებზე: ახალგაზრდები ღვინოს გადმოღვრიან ხოლმე, ხოლო უფროსი თაობა, როგორც წესი, ჭიქას ბოლომდე ცლის.“
ცხოვრებისეული არჩევანი
რა შეგვიძლია ვისწავლოთ „ფხიზელი სომელიეებისგან“ ღვინოსთან ჯანსაღი ურთიერთობის შესახებ? აბე ზარატე, ნიუ-იორკის რესტორან Crane Club-ის სომელიე, 2020 წლის 31 აგვისტოდან სრულიად ფხიზელია. „სომელიეს ფართო ხელმისაწვდომობა აქვს სასმელებზე. 20-იან წლებში, როცა უამრავი გადაუჭრელი პრობლემა გაქვს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს ეს,“ – ამბობს იგი, – „ჩემს მთელ დღეს ჭიქა ღვინო იმორჩილებდა. ბევრჯერ ვცადე ზომიერება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გზაჯვარედინზე აღმოვჩნდი: ზუსტად ვიცოდი ერთი გზა საითაც წამიყვანდა. ამიტომ გადავწყვიტე სხვაგვარად მეცადა.“
ზარატემ სიის სახით ჩამოწერა, როგორ შეეცვალა სასმელი სხვა სიამოვნებებით – სასიამოვნო მოგზაურობებით, კარგი ფილმებით და ა.შ. ზოგიერთ მეგობარსაც კი ჩამოშორდა ცდუნების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სომელიედ მაინც აგრძელებს მუშაობას: ღვინოს მხოლოდ აგემოვნებს, მაგრამ არასდროს ყლაპავს. დღეს ის სოციალურ ქსელში წერს საკუთარ გამოცდილებაზე და სულ უფრო მეტ ღვინის მოყვარულსა და პროფესიონალს უკავშირდება, რომლებიც თავადაც „ფხიზლები“ გახდნენ. „ხალხი ხედავს მაგალითებს და ხვდება, რომ ეს შესაძლებელია,“ – ამბობს ზარატე.
ბალანსის ძიებაში
ზომიერება მხოლოდ მათთვის არ არის, ვისაც ალკოჰოლთან პრობლემა ჰქონდა. ლორა ვიდალი, 40 წლის სომელიე მარსელში, სამხრეთ საფრანგეთში, ალკოჰოლიკად საკუთარ თავს არასდროს მიიჩნევდა. თუმცა თითქმის ექვსი წელია, რაც სმა შეწყვიტა. „ეს იყო ჩემი 35-ე დაბადების დღის მეორე დღეს,“ – იხსენებს ვიდალი, რომელიც The Small Group-ის დამფუძნებელია, – „დღესასწაულის შემდეგ საშინლად ვგრძნობდი თავს. როცა კალენდარს დავხედე და წინ დატვირთული თვეები მელოდა, გადავწყვიტე დროებით დამესვენა. შემდეგ მივხვდი, რომ სიფხიზლე საოცარ სიმსუბუქესა და თავისუფლებას მანიჭებდა.“
როგორც ზარატე, ვიდალიც აგრძელებს სომელიედ მუშაობას და ფიქრობს, რომ ფხიზლობამ მისი პროფესიული უნარებიც გააუმჯობესა. „ახლა უფრო ყურადღებიანი ვარ და უკეთ მახსოვს დეგუსტაციები და მეღვინეების ამბები,“ – ამბობს იგი.
ტენდენცია „ფხიზელი სომელიეები“ ნათლად აჩვენებს, რომ ღვინოსთან პროფესიული ურთიერთობა ყოველთვის არ გულისხმობს ალკოჰოლის ხშირ ან ჭარბ მოხმარებას. ახალი თაობის სომელიეების ნაწილი არჩევანს ზომიერებასა და სიფხიზლეზე აკეთებს, რადგან აცნობიერებენ პასუხისმგებლობას როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ისე პროფესიული ეფექტიანობის მიმართ. მათი გამოცდილება გვასწავლის, რომ სიფხიზლე არა მხოლოდ ალკოჰოლისგან თავის შეკავებაა, არამედ ცხოვრების ახალი ბალანსის, თავისუფლებისა და თვითკონტროლის ძიებაც.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი