
მონრეალში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღონისძიებაზე - La Grande Dégustation de Montréal - ქართული ღვინო წელსაც წარდგა. მონაწილეობა შესაძლებელი გახდა ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.
ფესტივალი, რომელსაც უკვე თხუთმეტი წელია მასპინძლობს კვებეკის რეგიონი, ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად მიიჩნევა. ყოველწლიურად ის დაახლოებით 10 ათასამდე სტუმარს მასპინძლობს, მათ შორის ღვინის მოყვარულებს, დეგუსტატორებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაესინჯათ ცხრა სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია კვებეკისა და ონტარიოს რეგიონების ბაზრებზე. დამთვალიერებლების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის პროდუქტის ზრდად პოპულარობას საერთაშორისო მასშტაბით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის სფეროს ექსპერტები, ჟურნალისტები, მწერლები და იმპორტიორები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინოები ისეთი სახელმწიფოებიდან, როგორებიცაა კანადა, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ავსტრია, საბერძნეთი და რუმინეთი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სალომე ქურასბედიანმა და საელჩოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს ქართული ღვინის მზარდი აღიარება ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე.
ბოლო წლების განმავლობაში, ქართული ღვინის ექსპორტი კანადაში სტაბილურად იზრდება. 2024 წლის განმავლობაში ექსპორტირებული იყო დაახლოებით 200 ათასი ლიტრი ღვინო - რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამავე პერიოდში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 35%-იანი ზრდაა. 2025 წლის 10 თვის მონაცემებით კი, კანადაში უკვე გაგზავნილია 193 ათასი ლიტრი ღვინო - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ს შეადგენს, ხოლო შემოსავალი 1,2 მილიონ ლარს აღემატება, რაც 32%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ქართული ღვინის მზარდი წარმატება კანადაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც უძველესი მეღვინეობის ქვეყნის, პოზიციების გაძლიერებას მსოფლიო ბაზარზე.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი