
- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- მარანი „ხაჟალია“ მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში. ჩვენი მარანი 2022 წლიდან ამოქმედდა. ღვინოებს ვაწარმოებთ როგორც იმერული, ისე კახური ვაზის ჯიშების ყურძნისგან, ე.წ. კულტურული საფუარის გარეშე, ქვევრში, ტრადიციული მეთოდით. გამომდინარე იქედან, რომ მე და ჩემი მეუღლე დაინტერესებული ვიყავით ახალი ღვინოების აღმოჩენით და ვაზთან ურთიერთობის სიყვარული მამა-პაპიდანაც მოგვდევდა, გადავწყვიტეთ, ჩვენი პატარა საოჯახო მარანი შეგვექმნა.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
- ვენახი გავაშენეთ კახეთშიც - ჩვენი ნაფერები ქისი და ხიხვი, რომელსაც პირადად ჩვენი ხელით ვუვლით. ასევე ვენახი გვაქვს ჩვენთან გეგუთში - ცოლიკოური და ერთ-ერთი იშვიათი ჯიში — დონდღლაბი. სწორედ ამ ჯიშებმა მიიპყრო ჩვენი ყურადღებაც.
- რა სახის სირთულეები, დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- რაც შეეხება სირთულეებს, რა თქმა უნდა, უამრავი სირთულე იყო და ალბათ, მომავალში კიდევ იქნება. დაწყებული ვაზის მოვლა-პატრონობით (ვგულისხმობ ვაზის სხვადასხვა დაავადებებს), ასევე ფასებს, რომელიც ადევს ტექნიკა-დანადგარებსა თუ ღვინის ინვენტარს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სფეროში ცოდნის ამაღლებაა. ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვადასხვა ტრენინგები თუ საინფორმაციო შეხვედრები. ასეთ დროს აზრთა გაცვლა-გამოცვლა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენთვის საინტერესო და საჭირო საკითხია, როგორ მოვუაროთ ქვევრს, ვაზს და ა.შ. ასევე, ის ინფორმაციაც, რომელიც ღვინის რეალიზაციას ეხება.
გარდა იმისა, რომ ჩვენი მარანი მასპინძლობს სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან და წარმოდგენილები ვართ შიდა ბაზარზე, ჩვენი დიდი სურვილია, ჩვენი ღვინო საზღვრებს გარეთაც გავაცნოთ საზოგადოებას.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- გამომდინარე იქედან, რომ ჯერჯერობით ამ სფეროში ჩვენც მცირე გამოცდილება გვაქვს, დამწყებ მევენახე-მეღვინეებს მხოლოდ ერთს ვეტყვით - მიჰყევით საკუთარ ოცნებებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი