
ამერიკული გამოცემა The Wine Palate მკითხველს სთავაზობს ღვინის მაგისტრ ლისა პეროტი-ბრაუნის ვრცელ ანალიტიკურ სტატიას, რომელიც დასავლეთ საქართველოს ღვინოებს ეძღვნება. პეროტი, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში უკვე მეოთხედი საუკუნეა მოღვაწეობს და საერთაშორისო ექსპერტადაა აღიარებული, საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული კომპანიის Big Sky Ranch Inc. თანამშრომლობის ფარგლებში. ლისა პეროტისთვის დასავლეთ საქართველოში სტუმრობა არა მხოლოდ პროფესიული ვიზიტი, არამედ მრავალმხრივი აღმოჩენაც იყო – შესაძლებლობა, ახლოდან გაცნობოდა იმერეთსა და რაჭას, ძლიერ ტერუარებს, ტრადიციულ მეღვინეობას და ახალგაზრდა მეღვინეების ინდივიდუალურ ხელწერას.
სტატიის დასაწყისში ავტორი დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი გარემოს შესახებ საუბრობს: იმერეთი და რაჭა საქართველოს დასავლეთ ნაწილის ორი შორეული, მეტწილად მთიანი რეგიონია, რომელთა ფორმირებაზე ძლიერი ზეგავლენა აქვს შავი ზღვის ნესტიან ჰავას. ეს ბუნებრივი პირობები პირდაპირ აისახება რეგიონის ღვინის სტილზე: აქაურ ღვინოებში მჟავიანობა ჩვეულებრივ უფრო მაღალია, სტილი — უფრო ფაქიზი, ტექსტურა — მსუბუქი, ხოლო არომატები — ჰაეროვანი და სუფთა. პეროტისათვის დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი გზა ერთგვარი ენოლოგიური აღმოჩენა გახდა: განსხვავება აღმოსავლეთ საქართველოსთან იმდენად მკაფიო აღმოჩნდა, რომ ავტორის თქმით, მისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებულია საქართველოს ღვინის რეგიონები.
იმერეთსა და რაჭაში სტუმრობისას პეროტი ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდა, ესტუმრა პატარა საოჯახო მარნებს, გაეცნო ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიასა და თანამედროვე მიდგომებსაც, ხოლო თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე 50-მდე ღვინო დააგემოვნა. სწორედ ამ გამოცდილების სინთეზია სტატია, რომელიც საქართველოში ღვინის ორი განსხვავებული კულტურის გადაკვეთას აღწერს: ერთი მხრივ — ტრადიციული მეთოდების სიღრმე და ისტორია, მეორე მხრივ — ახალგაზრდა მეღვინეების ახალი ხედვა, სისუფთავეზე, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და ექსპერიმენტზე დაფუძნებული მიდგომა.
რაჭაში მოგზაურობისას განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნაბერაულის მეღვინეობამ. პეროტი აღნიშნავს, რომ 2018 წელს დაარსებული ეს მეღვინეობა ყოველწლიურად დაახლოებით 45 000 ბოთლს აწარმოებს და განთავსებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოსა და ლაბორატორიის გვერდით. მიუხედავად ტექნოლოგიური სიზუსტისა, ვენახები ენდემურ ჯიშებს ინარჩუნებს: ალექსანდროულს, მუჯურეთულს, უსახელოურს, ძელშავს და რაჭულ მწვანეს.
ლისა პეროტს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ბაიას ღვინო — დები აბულაძეების საოჯახო მარნის ფილოსოფია, რომელიც ერთდროულად ეფუძნება ტრადიციული ქვევრის ტექნიკას და თანამედროვე მიკრობიოლოგიური სისუფთავის სტანდარტს. თეთრი ღვინოები, რომლებიც ბაიას სახელით იყიდება და წითელი ღვინოები, ასევე - პეტ-ნატები, რომლებიც გვანცას სახელით იწარმოება, ავტორის შეფასებით, დასავლეთ საქართველოს „საერთაშორისო ელჩებად“ იქცა. პეროტის აზრით, ეს ღვინოები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მინიმალური ჩარევის, ბუნებრივი დუღილისა და ორგანული სოფლის მეურნეობის პირობებში ჩამოყალიბდეს სტილი, რომელიც ერთდროულად არის ინოვაციური, უნიკალური და სუფთა.
რაჭაში ყოფნისას პეროტი გონაძის მეღვინეობასაც ესტუმრა. მათი ვენახები რიონის ხეობაში ზღვის დონიდან 600 მეტრამდე სიმაღლეზეა გაშლილი. სწორედ აქ არსებულ კლიმატურ პირობებში მწიფდება ალექსანდროული, მუჯურეთული და ცოლიკოური. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 2023 წლის მოსავლის ცოლიკოურის ღვინო, რომელსაც ავტორი აღწერს როგორც მაღალი მჟავიანობისა და ციტრუსების არომატების მქონე ელეგანტურ თეთრ ღვინოს, რომლის სისუფთავე და სიმკვეთრე რეგიონულ იდენტობას სრულად ასახავს.
სტატიის ბოლოს პეროტი საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებს შორის განსხვავებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და წერს: „ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში კახეთს რამდენჯერმე ვესტუმრე; იმერეთსა და რაჭაში პირველი მოგზაურობის შემდეგ, საქართველოს რეგიონებს შორის განსხვავებები კიდევ უფრო აშკარა გახდა. დასავლეთ საქართველო მიდრეკილია მჟავიანობის, მრავალფეროვნებისა და დახვეწილობისკენ, რაზეც გავლენას ახდენს ზღვის კლიმატი, უფრო მაღალი მდებარეობები, უფრო მსუბუქი მაცერაცია და პატარა მასშტაბის მეურნეობები.“
ლისა პეროტი-ბრაუნის სტატია დასავლეთ საქართველოს ღვინოების შესახებ საერთაშორისო მკითხველს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, დასავლეთ საქართველო დღეს არის სივრცე, სადაც ბუნებრივი პირობები, ენდემური ჯიშები და ახალი თაობის მეღვინეები ქმნიან სრულიად ახალ, ელეგანტურ და ინოვაციურ ღვინოებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი