Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე - ფესტივალის ახალი მონაწილეები

„ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ ყოველწლიური ღვინის ფესტივალია, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდება. ფესტივალი 25 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართება, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალის ორგანიზატორია „ღვინის კლუბი“.

წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს 44 მცირე მარანი და 3 ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანია.

მონაწილეთა შორის იქნებიან მეღვინეები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ ამ ფესტივალში. სწორედ ახალი მარნების წარმომადგენლები ესაუბრნენ vinoge.com-ს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ამ ფესტივალს და როგორი მოლოდინები აქვთ.

თორნიკე ნანობაშვილი - ღვინობისთვე - ნანობაშვილის მარანი:

ფესტივალი „მცირე მარნები დიდ ასპარეზზე"  ჩვენი ახალი მარნის ერთგვარი პრეზენტაციაა და ცნობადობის ამაღლების ხელშემწყობია, რისთვისაც მადლობას გიხდით.  ვფიქრობთ, რომ  ფესტივალის დამსახურებით ჩვენ შესახებ მეტი ადამიანი გაიგებს და ჩვენც გავეცნობით სხვა ახალ მარნებს. ცნობადობის და კონტაქტების გაფართოების მოლოდინები გვაქვს. ფესტივალზე წარმოდგენილი გვექნება მხოლოდ ნატურალური ღვინოები: 2024 წლის „წარაფი“ და 2023, 2024 წლის „საფერავები“.

ლევან ნოდია — ლუკას მარანი:

ჩვენი მცირე საოჯახო მარანი ქვევრის ნატურალური ღვინის ტრადიციებს ემყარება — სიყვარულითა და პატივისცემით ქართული მიწის, ვაზისა და ბუნების მიმართ. ჩვენი მიზანია განვავითაროთ ღვინის ის ფილოსოფია, რომელიც არ ემსახურება მასობრივ წარმოებას, არამედ ნატურალურობას, სიწმინდეს და ხელნაკეთობის უნიკალურ ხასიათს. ფესტივალში „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ის საშუალებას მოგვცემს, გავაცნოთ საზოგადოებას ჩვენი ღვინო, რომელიც ჩვენი ოჯახის შრომის ნაყოფია; ასევე მნიშვნელოვანია მოვისმინოთ პროფესიონალებისა და ღვინის მოყვარულთა შეფასებები, რაც გამოცდილების დაგროვებაში დაგვეხმარება; იმედი გვაქვს, დავამყარებთ ახალ ურთიერთობებს კოლეგა მეღვინეებთან, დისტრიბუტორებთან და ენთუზიასტებთან; გარდა ზემოჩამოთვლილისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ, როგორ ვითარდება ქართული მცირე მარნების კულტურა და როგორ შეიძლება, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ამ საერთო საქმეში. გვჯერა, რომ ფესტივალი არა მხოლოდ გამოფენის სივრცეა, არამედ შესაძლებლობაა ცოდნის, იდეებისა და შთაგონების გასაზიარებლად. ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა პატარა მარნებისთვის დიდი სტიმულია, აძლიერებს ნდობას, ამაღლებს ცნობადობას და გვაძლევს იმედს, რომ ქართული ნატურალური ღვინო თავისი ავთენტურობით და ხარისხით საერთაშორისო ასპარეზზეც ღირსეულად დაიმკვიდრებს ადგილს.

მამუკა ქევხიშვილი - მარანი 1915:

ღვინის ფესტივალებზე წარმოდგენილ მარნებს კარგი შესაძლებლობა აქვთ, გარკვეული შეფასება და მოსაზრება მოისმინონ მათ მიერ წარმოდგენილ ღვინოზე. ეს შეფასებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ მას პროფესიონალები იძლევიან. მეღვინეებს, მარნებს და მოსულ სტუმრებს იმის შესაძლებლობაც აქვთ, რომ ერთ სივრცეში გაეცნონ სხვადასხვა მარანს და მათ ღვინოს, შეადარონ ისინი ერთმანეთს და გარკვეული დასკვნები გამოიტანონ. ღვინის ინდუსტრიისთვის კარგი იქნებოდა, თუ ღვინის შეძენა-გაყიდვით დაინტერესებული პირები თუ ექსპორტიორი კომპანიები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და მარნებთან კონკრეტულ საქმიან ურთიერთობებს წამოიწყებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ღვინის ფესტივალზე წარმოვადგინეთ ჩვენი მარნის ღვინო, ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ ღვინის შეძენით რეალურად დაინტერესებულიყო რომელიმე მაღაზია, რესტორანი თუ ბარი. სწორედ ესაა ჩვენი მოლოდინი, რომ ამ ფესტივალის მეშვეობით დავუკავშირდეთ კონკრეტულ პირებს და კომპანიებს შემდგომი თანამშრომლობისთვის. წლევანდელ ფესტივალზე წარმოვადგენთ 4 დასახელების ღვინოს: 1. საფერავი 2. რქაწითელი 3. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო - კახეთი/წითელი; 4. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო - კახეთი/თეთრი.

ივანე გურასპიშვილი - მარანი „სათავე“:

ფესტივალი ჩვენთვის მხოლოდ გამოფენა არ არის, არამედ ახალი ნაბიჯია ჩვენი სათავიდან დიდ გზაზე. გვიხარია, რომ გვექნება შესაძლებლობა წარვადგინოთ ჩვენი შრომის შედეგი და გავიზიაროთ სხვა მარნების გამოცდილება, გავაცნოთ „სათავე“ საზოგადოებას, მოვისმინოთ რჩევები და იდეები, რათა საუკეთესო შედეგი დავდოთ. ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები სოფლის მეურნეობას ახალ სიცოცხლეს აძლევს და გვახსენებს, რომ ყველა ბოთლში პატარა ქვეყნის სული ცოცხლობს. ქართული ღვინის მომავალი მრავალფეროვნებაში და გულწრფელ შრომაშია. კახეთის გულში, საგარეჯოს ულამაზეს ვენახებში იწყება ჩვენი ისტორია. „სათავე“ ტრადიციული მეთოდებით დაყენებული ღვინოა, სადაც თითოეული წვეთი ატარებს ქართული მიწისა და შრომის სიყვარულს. ჩვენი ვენახიდან მოდის ღვინის ორი უკვდავი კლასიკა — „საფერავი“ და „რქაწითელი“, რომელსაც წარმოვადგენთ ფესტივალზე და  ეს მხოლოდ ღვინო არ არის — ეს არის სათავე სიყვარულის, სუფრის, მეგობრობის, მეხსიერებისა და ახალი თავგადასავლების.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა