
ლევან სეფისკვერაძე
25 ოქტომბერს თბილისში, მთაწმინდის პარკში მდებარე კლუბ „ანდერვილში“, „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე - ღვინის ეროვნული სააგენტო.
ამ ფესტივალმა სათავე აიღო 2016 წელს და მაშინ მასში მხოლოდ 20-მდე მცირე მარანმა მიიღო მონაწილეობა. წელს კი, ფესტივალს 50-მდე მონაწილე ჰყავდა. მარნები, ფაქტობრივად, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან იყვნენ წარმოდგენილნი.
ღონისძიების ორგანიზატორების აზრით, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი მასშტაბური ფესტივალის ჩატარებას, როგორიცაა ასევე ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ახალი ღვინის ფესტივალი. ამავე დროს, წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია ჩატარდეს მცირე ფესტივალებიც, რომლებიც სხვადასხვა თემით იქნება გამორჩეული. სწორედ ასეთია ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“, რომლის ძირითადი იდეაა ქართული მცირე მეღვინეობების მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის მათი გაცნობა. ღვინით დაინტერესებული ადამიანი სწორედ აქ აღმოაჩენს ახალ მარნებს, ახალ ღვინოებს, ახალ მეღვინეებს და ეს პროცესი მუდმივად უნდა გრძელდებოდეს.
ფესტივალში – „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ მონაწილე მეღვინეების დიდ ნაწილს ღვინის მოყვარულები პირველად შეხვდნენ. თუმცა, არიან მეღვინეები, რომლებიც ფესტივალებზე წლების მანძილზე გამოდიან და გურმანებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილებაც დააგროვეს. ფესტივალში მონაწილე მეღვინეთა უმეტესობა პროფესიით მეღვინე სულაც არ იყო, მაგრამ მონდომება და საკუთარი ღვინის სათანადოდ წარმოჩენის სურვილი არავის აკლდა.
თბილისელი ადვოკატი დავით გერმანოზაშვილი ერთ-ერთია, ვინც კასპში ღვინოს მცირე მოცულობით აყენებს. როგორც გვითხრა, მისთვის ღვინის მოცულობის გაზრდა მთავარი არც არის.
დავით გერმანოზაშვილი, „კალოუბნის ღვინო“: „თბილისში ვცხოვრობ. მოქმედი ადვოკატი ვარ. ვენახები და მარანი კასპის მუნიციპალიტეტში მაქვს. ვენახის მოსავლელად და ღვინის დასაყენებლად ხშირად მიწევს კასპში სიარული. ავტობანით სულ რაღაც ნახევარ საათში შემიძლია ჩავიდე და მივხედო ვენახსაც და ღვინოსაც. ვენახს მხოლოდ ბიოდინამიკური პრეპარატებით ვწამლავთ, რომელსაც ძირითადად, მცენარეებისგან საკუთარი ხელით ვამზადებ. ღვინოსაც ბუნებრივი მეთოდით, ანუ ყოველგვარი ზედმეტი დანამატების გარეშე ვაყენებ. ამ საქმეს 2019 წლიდან ვეწევი. ღვინის მცირე რაოდენობა სრულიად მაკმაყოფილებს. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები სხვადასხვა წელსაა დაყენებული და მაინტერესებს ხალხის აზრი მათ შესახებ, დიდი ყურადღებით ვუსმენ ყველას“.
კარგა ხანია, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში ქალები თავის ხმამაღალ სიტყვას ამბობენ. ქალ მეღვინეებს საქართველოს პრაქტიკულად ყველა მეღვინეობით განთქმულ კუთხეში შეხვდებით. სასიხარულოა, რომ ოჯახური მცირე მარნები კვლავ იქმნება და ამ მარნებს მამაკაცების გარდა, ქალებიც ხელმძღვანელობენ. ისინი კარგად ერკვევიან ღვინის დაყენების ტრადიციულ ქართულ მეთოდებში და სიახლეებსაც თამამად ნერგავენ.
„ჩვენ უპირატესობას ტრადიციული კახური ტექნოლოგიით, ქვევრში ღვინის ჭაჭა-კლერტზე დაყოვნებას ვანიჭებთ და ჩვენი ქარვისფერი ღვინოებიც ამგვარია. მე თავად ვარ ჩართული და თავად ვხელმძღვანელობ ყველა პროცესს რაც მარანში ღვინოს ეხება. ფესტივალზე მოსმენილი ყველა კომენტარი თუ შენიშვნა მნიშვნელოვანია ჩემთვის, პირველ რიგში - განვითარებისთვის და წინსვლისთვის“, - გვითხრა თამარ ბოჭორიძემ, „როჭოს ვენახების“ წარმომადგენელმა.

ბოლო პერიოდში მცირე მარნებში შესამჩნევად მზარდია ცქრიალა ბუნებრივი ღვინოების - პეტ-ნატების პოპულარობა. ამ ტიპის ღვინის წარმოებას ხელი არაერთმა ქართულმა მცირე მარანმა მოჰკიდა და ფესტივალებზეც დაიწყეს გამოაქვთ.
ნიკა ჯეირანაშვილი, მარანი „კოლაგის“: „ჩემი მარანი უკვე წლებია ტრადიციული მშრალი კახური ტიპის ღვინის გარდა ე.წ. პეტ-ნატს აწარმოებს, რადგან ასეთ ღვინოზე მოთხოვნა და ინტერესი კვლავ იზრდება. წელსაც ამ ფესტივალზე წარმოდგენილი გვაქვს რამდენიმენაირი პეტ-ნატი. ჩვენ მუდამ ექსპერიმენტებში ვართ და ვცდილობთ ახალ აღმოჩენებს და მიგნებებს. ფესტივალშიც ამიტომ ვიღებთ მონაწილეობას“.
შარშანდელი კარგი წლის გამო ფესტივალზე განსაკუთრებულად მხნედ და იმედიანად იყვნენ კახელი მევენახე-მეღვინეები.
თორნიკე ნანობაშვილი, „ნანობაშვილების მარანი“ „მარანი და ვენახები კარდანახში გვაქვს და რა გასაკვირია, რომ ცნობილი ღვინო - „წარაფი“ ჩვენი მარნის სახე და სიმბოლოა. ფესტივალში პირველად ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენი ოჯახისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნაბიჯს, რადგან ღვინოს ჩვენი წინაპრებიც აყენებდნენ, მაგრამ მისი ბოთლში ჩამოსხმის და ხალხისთვის გაცნობის გადაწყვეტილება მე და მამაჩემმა მივიღეთ. რთულია კახელი მევენახის ცხოვრება და არავინ ვიცით, როგორი სირთულეები გველოდება წინ, მაგრამ შარშან კარგი წელი იყო და ჩვენი ღვინოც არ უნდა იყოს ურიგო“.
ბოლო წლებში წარმოჩენილ ასევე დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს თბილისთან ახლოს (მცხეთის, გარდაბნის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები) საზაფხულო სააგარაკე სახლების შენების პარალელურად, მცირე ვენახების გაშენების ტენდენციაც. ეს აჩენს იმედს, რომ ისევე როგორც მაგალითად პარიზისა და ლიონის შემოგარენში, თბილისის მახლობლად მაცხოვრებლებიც არ დაინანებენ მიწას ვენახის გასაშენებლად.
მამუკა ნოზაძე, მარანი „შანო“: „თბილისთან ახლოს, გარეკახეთში მაქვს მარანი და ვენახი. ყურძნის ნაწილი თავად მომყავს, ნაწილს კი ვყიდულობ და მაინტერესებს როგორი ჯიშისგან რა შეიძლება მივიღო. ექსპერიმენტები მეღვინეობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამგვარი ფესტივალები საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ რამდენად მოსწონს ხალხს ესა თუ ის ღვინო და როგორი კუთხით უნდა ვიმუშაოთ შემდეგში. ფესტივალის სტუმრებს აქ ყოველ წელს ახალი მარნების ნახვა და ახალი ღვინოების აღმოჩენა შეუძლიათ, რაც ღვინის მოყვარული ადამიანისთვის განსაკუთრებული ამბავია“.
მიუხედავად მსოფლიო მეღვინეობაში არსებული პრობლემებისა და გაყიდვების შემცირებისა (რამაც მეღვინეობა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა), საქართველოში მეღვინეობა განაგრძობს ცხოვრებას და განვითარებას. ეს 25 ოქტომბერს გამართული ფესტივალითაც დადასტურდა. ახალი მარნები, ახალი ღვინოები, ახალი იდეები და ახალი სისხლი მეღვინეობას მუდამ ჭირდება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი