
ლევან სეფისკვერაძის ბლოგი
როგორც ადრე ვიწყებდი, ახლაც ისე დავწყიებ - თუკი ღვინო და სიცოცხლე გიყვარს, სულ სხვანაირი განწყობით იღვიძებ დილით, როცა იცი, რომ დღეს „ახალი ღვინის ფესტივალია“. ეს დღე ჩვეულებრივ გასეირნებას ან მეგობრებთან „კარგ უიქენდს“ სულაც არ ჰგავს. უფრო ჰგავს დიდხანს ნანატრ შეხვედრას ისეთ ადამიანთან, რომელსაც მთელი წელი ელოდი და რომლისთვისაც მაისის მეორე შაბათი განსაკუთრებულ დღედ იქცა.
ადვილია და ნოსტალიგიურიცაა ასე დაწყება, რადგან სათქმელს უკეთ ამბობ, მაგრამ მაგრამ წლევანდელ „ახალი ღვინის ფესტივალს“ კიდევ ერთი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ეს არის მადლიერების დღე. მადლიერების იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა.
მალხაზ ხარბედია! მისი შექმნილი ფესტივალი საქართველოში მხოლოდ ღვინოსთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ღონისძიება არ არის. ეს არის ტრადიცია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, მეღვინეებს, სხვადასხვა კუთხესა და კულტურას. სწორედ ამიტომ, ფესტივალი დღეს მალხაზ ხარბედიას სახელს ატარებს, როგორც ღირსეული გაგრძელება მისი იდეისა და საქმისა.

ფესტივალზე მისული ადამიანები წელსაც ადვილად ვიცნობთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ უკვე ნაწილი ვართ ამ დღისა. ზოგმა დღემდე არც კი ვიცით ერთმანეთის სახელი, მაგრამ შემდეგ მთელი წლის მანძილზე ქუჩაში ვხვდებით და ერთმანეთს ასე მივმართავთ: „მეგობარო, მგონი, ღვინის ფესტივალზე გნახე“.
ფესტივალზე მყოფთა თვალებში ახლაც სიხარული იქნება, მოძრაობაში - სილაღე. მაგრამ ამ ყველაფერს წელს კიდევ ერთი რამ დაემატება - მეტი ურთიერთპატივისცემა და გააზრება იმისა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და თითოეული სტუმარი, თითოეული მეღვინე, თითოეული ჩამოსხმული ღვინის ნიმუში დიდი მემკვიდრეობის ნაწილია.
მთაწმინდის პარკში მისულს ისევ ის გარემო დაგვხვდება, რაც ასე გვიყვარს - ღიმილიანი ადამიანები, გულწრფელი საუბრები, ერთმანეთის მოკითხვა... აქ უცნობებიც კი მალევე ნაცნობებად იქცევიან. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს არა მხოლოდ ღვინით, არამედ დამოკიდებულებებით უკავშირდებიან.

ფესტივალის რიტუალი უცვლელია - ჯერ უნდა მოიარო, გარემო შეიგრძნო, ხალხს შეხვდე. მერე ჭიქა აიღო და ისიამოვნო იმერული ღვინის სიმსუბუქით, კახური პირდაპირი ხასიათით, რაჭული სიღრმით, მეგრული სოლიდურობით, ქართლური დამაჯერებლობით და გურული კვიმატობით. აქ თითოეული კუთხე, თითოეული დახლი თავისი ისტორიით გელოდება.
მეღვინეები იმავე გულმოდგინებით დაგისხამენ ღვინოს და გკითხავენ, როგორია მათი ნაჯაფარი და მაისამდე მოღწეულ შრომის ნაყოფს როგორი მომავალი ექნება, ყველა ადამიანი და ყველა ღვინო, რა თქმა უნდა, თავისებურია, მაგრამ ყველა ერთნაირად იმსახურებს სიყვარულს და პატივისცემას, რადგან ამ ურთულეს დროში მაინც ჯიუტად აგრძელებენ იმ საქმეს, რაც ასე კარგად გამოსდით და რის გარეშეც საქართველო ვერ იქნებოდა საქართველო.

წლიდან-წლამდე „ახალი ღვინის ფესტივალი“ იზრდება, ფართოვდება, ახალ სახელებს და ახალ ისტორიებს ქმნის. ეს არის ცოცხალი პროცესი - მემკვიდრეობა, რომელიც არ იყინება წარსულში და მუდამ ვითარდება. სწორედ ამაში ჩანს მალხაზ ხარბედიას მთავარი ღვაწლი - მან შექმნა არა მხოლოდ ფესტივალი, არამედ მოძრაობა, რომელიც არასოდეს გაჩერდება.
დღეს მახოს სახელი ამ ფესტივალთან ერთად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში, მის სიცოცხლეშიც ამ კაცის სახელს უკავშირდებოდა ეს დღე და ეს მოძრაობა. უბრალოდ, ახლა ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ყველა ღვინის ნამდვილ მოყვარულში ცხოვრობს.
ჩვენ კი არასოდეს უნდა დავიზაროთ სამი მთავარი საფესტივალო სადღერძელოს თქმა და შესმა - დიდება ღვინოს! დიდება სიცოცხლეს! გაუმარჯოს მალხაზ ხარბედიას!
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი