
ლევან სეფისკვერაძე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 17 სექტემბრის დილას გაავრცელა ინფორმაცია 7 ადამიანის დაკავების შესახებ - ისინი გორში მოქმედ არალეგალურ სასმელების ქარხანასთან არიან დაკავშირებული, სადაც კუსტარულად აწარმოებდნენ ბრენდული სასმელების ფალსიფიკაციას. იქვე ნაპოვნია უაქციზო სიგარეტების საწყობიც.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორში არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების ქარხნიდან და უაქციზო სიგარეტების საწყობიდან ამოღებულია „უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ - 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი”.
ამოღებულ სასმელებს შორის არის კუსტარულად დამზადებული და რეალიზაციისთვის გამზადებული არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).
ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ალკოჰოლის გაყალბების პრობლემა საქართველოში კვლავ აქტუალურია. თუმცა, ალკოჰოლური პროდუქციის გაყალბება სამწუხაროდ არამხოლოდ საქართველოში ხდება. ეს მთელს მსოფლიოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. Euromonitor–ის და სხვა კვლევების მიხედვით, ევროპისა და ამერიკის გარკვეულ რეგიონებში გაყალბებული ალკოჰოლის წილი მთლიანი მოხმარების რაოდენობის დაახლოებით 25–40%–ს შეადგენს.
ეკონომიკურ დანაკარგს თან ახლავს ჯანმრთელობის რისკი, რადგან გაყალბებული ალკოჰოლი ხშირად ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
მსოფლიოში გაყალბებული სასმელებიდან რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა არაყი და ვისკი (დაახლოებით 60%) ასევე ხშირად ყალბდება ტეკილა. შედარებით ნაკლებად კონიაკი და რომი. OLAF-ს კვლევით, გაყალბებული ღვინის რაოდენობა ყალბი ალკოჰოლური სასმელების დაახლოებით 25%-ს მოიცავს.
დაბალფასიანი ვისკის სპირტები ხშირად იყიდება პრემიალურ ბრენდურ შეფუთვაში, რაც მის ფასს რამდენჯერმე ზრდის. ასევე ძალიან ხშირია ე.წ. ბოთლების ხელახლა შევსების პრაქტიკა (refilling) რაც უმარტივესი გზაა გაყალბებისთვის. ძვირადღირებული ვისკის ბოთლში უხარისხო და დაბალფასიანი სასმელის ჩასხმა მარტივი გზაა ფულის საშოვნელად.
მთელს მსოფლიოში ალკოჰოლური სასმელების გაყალბების მავნე პრაქტიკა ყველაზე მეტად ინდოეთშია გავრცელებული. 2019 წელს და 2024–2025 წლებში ინდოეთში ასეულობით ადამიანი გარდაიცვალა უხარისხო ალკოჰოლის მოხმარებით. ამ პრობლემას ინდოეთის სახელმწიფო ხშირად აყენებს სხვადასხვა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებზე, მაგრამ მის აღმოსაფხვრელად პრაქტიკულ ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ დგამს.
პრობლემა მწვავედ აწუხებს ლათინური ამერიკის ქვეყნებს და მექსიკას. განსაკუთრებით ტეკილას და რომის წარმოება განიცდის ყალბი პროდუქციის სიჭარბეს, რასაც მაგალითად ბრაზილია მკაცრი კანონებით ებრძვის, არგენტინის ლიბერტარიანელი პრეზიდენტი მილეი კი პირიქით - კანონების ლიბერალიზაციით ცდილობს კონკურენცია შექმნას და თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობის გზით დაასუსტოს „შავი ბაზარი“. მექსიკაში ტეკილას გამყალბებლებს ლამის სამშობლოს მოღალატეებად აცხადებენ (ტეკილა მექსიკის ნაციონალური სასმელია), მაგრამ გამყალბებლების წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური მაინც არა არის.
აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ყალბისმქმნელები უმეტესად არაყს აყალბებენ და ამ საქმეში რუსეთი პირველობას არავის უთმობს. ყალბი არყის „შავი ბაზარი“ არსებობს ასევე უკრაინაში, ყაზახეთში და შუა აზიის სხვა ქვეყნებში. 2024 წელს ინტერპოლის გამოძიებამ აღმოსავლეთ ევროპაში (რუსეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) გამოავლინა დიდი საერთაშორისო ქსელი, რომელიც ყალბ არაყს აწარმოებდა და ადგილზე ყიდდა. აღმოაჩინეს და ამოღებული იქნა ასეულობით ათასი ბოთლი (110 მილიონი ევროს ღირებულების) ყალბი არაყი. ეს მთელი სპეციფიკური ოპერაცია გვიჩვენებს, რამდენად მასშტაბურია ალკოჰოლის გაყალბება და რამხელა ძალისხმევაა საჭირო ამის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ჩინეთში ზედამხედველობის სისტემა გამართულად მუშაობს, მაგრამ ყალბი ალკოჰოლის პრობლემა ამ ქვეყანაშიც აწუხებთ. ჩინეთში „ბუტლეგერები“ ძირითადად საკეს, ვისკის და არაყს აყალბებენ. ბოლო წლებში იყო ღვინის, განსაკუთრებით კი წითელი ღვინის მასობრივად გაყალბების შემთხვევები.
მნიშვნელოვანია, რომ გამყალბებლები ხშირად საკმაოდ კრეატიულად მოქმედებენ და ეს ართულებს მათ გამოვლენას. ყალბი ეტიკეტები შესაძლოა დამზადდეს ერთ ქვეყანაში, საკუთრივ ალკოჰოლი - მეორე ქვეყანაში და მესამე ქვეყანაში მოხდეს ჩამოსხმა და შეფუთვა. სწორედ ამიტომაც, ამ პრობლემის წინააღმდეგ მასშტაბურად საბრძოლველად საერთაშორისო თანამშრომლობა ხშირად აუცილებელი ხდება.
საქართველოში ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი „ჭაჭის” გაყალბება. ამ მხრივ, ყალბისმქნელების ყველაზე გავრცელებული მეთოდია იაფფასიანი, არაყურძნისეული სპირტის გამოყენება და ბოთლში ჩამოსხმა ისე, თითქოსდა ბოთლირებული პროდუქტი „ჭაჭაა”.
პრაქტიკული რჩევები, როგორ დავიცვათ თავი გაყალბებული ალკოჰოლის შეძენისგან და მოხმარებისგან:
1. სასმელი იყიდეთ მხოლოდ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ბარებში.
2. დააკვირდით ეტიკეტს და საცობის მდგომარეობას - ხომ არ აქვს ბოთლს რაიმე არატიპიური დაზიანება, რადგან ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ბოთლში სასმელი ხელახლაა ჩამოსხმული.
3. არ იყიდოთ სასმელი ბაზრებში და ბაზრობებზე. განსაკუთრებით მოერიდეთ ბაზარში ღვინის და ჭაჭის შეძენას.
4. თუ ნაყიდი სასმელის ხარისხში ეჭვი გეპარებათ, აუცილებლად მიმართეთ სურსათის უვნებლობის სამსახურს.
5. ვისკის, კონიაკის, ბრენდის, საკეს, გრაპას, კალვადოსის, რომის ან ტეკილას შეძენის შემთხვევაში, სასურველია ტელეფონით ინტერნეტში მოიძიოთ ინფორმაცია, რაც ბოთლის ეტიკეტზეა ასახული და ასეც დაადგენთ რამდენად საეჭვოა ესათუის სასმელი.
6. თუკი სასმელი პირველივე ჭიქიდან არ მოგეწონათ და საეჭვოდ ჩათვლით, არ დალიოთ მეტი და ეცადეთ დაადგინოთ, რა ტიპის და ხარისხის სასმელთან გაქვთ საქმე.
ალკოჰოლური პროდუქციის გაყალბება კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში არსებობს. საერთაშორის გამოცდილებაზე დაყრდნობით რომ ვიმსჯელოთ, საქართველოში ამ მანკიერებასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანია საბაჟო კონტროლის გამკაცრება და თანამედროვე ლაბორატორული შესაძლებლობების გაზრდა. ამის პარალელურად უნდა მოხდეს მომხმარებელთა განათლება თუ რას სვამენ და რატომ არ უნდა მოიხმარონ საეჭვო სასმელი. მხოლოდ ამგვარი კომპლექსური მიდგომითაა შესაძლებელი ამ რთული და მრავალმხრივი პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი