მაისში საერთაშორისო მედია-პლატფორმა SOMM TV გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა, მათ ქართული მეღვინეობის ისტორიის, კულტურისა და ღვინის ტურიზმის გასაცნობად რამდენიმე რეგიონი მოინახულეს.
სტუმრები კახეთსა და ქართლში მდებარე ღვინის მარნებს ესტუმრნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ როგორც ქვევრის ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ისე თანამედროვე მეღვინეობის მიღწევებსა და ქართულ ღვინის კულტურას.
საქართველოში გადაღებული მასალის საფუძველზე მომზადდება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის პრემიერა მიმდინარე ზაფხულს SOMM TV-ის ეთერში, YouTube-არხსა და სოციალურ მედია-პლატფორმებზე გაიმართება.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის, საერთაშორისო აუდიტორიისთვის კიდევ უფრო ფართოდ გაცნობას. ღვინის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, SOMM TV-ის მაღალრეიტინგულ პლატფორმებზე ქართული ღვინის წარმოჩენა ხელს შეუწყობს როგორც მისი ცნობადობის ამაღლებას, ისე ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე გაყიდვების ზრდას.
SOMM TV საერთაშორისო ციფრული მედია-პლატფორმაა, რომელიც სპეციალიზებულია ღვინის, გასტრონომიის, მოგზაურობისა და ცხოვრების სტილის თემატიკაზე. პლატფორმა ამერიკელმა სომელიეებმა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დააარსეს და ის ცნობილია პროფესიონალურად მომზადებული დოკუმენტური ფილმებითა და საგანმანათლებლო კონტენტით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მათი დოკუმენტური სერია „SOMM“, რომელმაც აღიარება როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე ენთუზიასტების წრეში მოიპოვა.
ღვინის ეროვნული სააგენტო უკვე მრავალი წელია საერთაშორისო მედიასთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები, მათ შორის მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებთან პარტნიორობა, ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი