საუკეთესო ამოლესილი ლობიო ე.წ. მინდვრის ლობიოსგან მზადდება. ვადგამთ 1 კგ. მინდვირის ლობიოს და 3–4 საათის შემდეგ, როცა კარგად მოიხარშება, დავამატებთ დაფნის ფოთოლს, ჩავაჭრით 2 თავ ხახვს, დავამატებთ 2 სუფრის კოვზ ზეთს (შესაძლებელია ხახვის ცალკე ზეთში მოშუშვა, ტომატიც მოშუშვისას შეიძლება დაემატოს), ერთ ჩაის კოვზ ტომატ პასტას. შემდეგ დავნაყავთ 2 კბილ ნიორს, ხმელ ქინძს, უცხო სუნელს, ქონდარს, წიწაკას. ჩავაჭრით მწვანილს – ქინძსა და ნიახურს, ცოტა ნაკლებს ოხრახუშსა და ცერეცოს. მარილით შევაგემოვნებთ და დავიწყებთ ლობიოს ამოლესვას.
თუკი კვაწარახით გავაკეთებთ ლობიოს, უნდა გამოვრიცხოთ ხმელი ქინძი და უცხო სუნელი, ზეთიც ნაკლები უნდა ვუქნათ, არც მოხრაკული ხახვი დასჭირდება, არამედ პირდაპირ ჩავაჭრით, ნედლად. ნიახური და მწვანე ქინძი მეტი უნდა ვუქნათ კვაწარახიან ლობიოს.
საქმის გამარტივების მიზნით კატეგორიულად იკრძალება აჯიკისა და ტყემლის დამატება.
გახსოვდეთ, ლობიოს იდეალური მეწყვილე თხელი წითელი ღვინო და მწვანე პამიდვრის ნიახურიან–ნივრიანი მწნილია, ასევე კარგია ბოლოკი, წითელი კომბოსტოს მწნილი, ქორფა წიწმატი და სხვა მწვანილეულობა.
© gabarzgaleba