ლევან სეფისკვერაძე
ღვინის ეტიკეტის დიზაინი, მარკეტინგული გათვლების გარდა, ხშირად უკავშირდება ხელოვნებას, ისტორიას, გეოგრაფიას, ტექნოლოგიას და კულტურულ მრავალფეროვნებას. უხსოვარი დროიდან ეტიკეტის წინამორბედი გვხვდება ძველი ეგვიპტეში, ძველ საბერძნეთსა და რომში. ქვევრებზე ან ამფორებზე იყენებდნენ ნახატებს ან ამოკვეთილ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებდა ღვინის წარმომავლობაზე, წელზე, სახეობაზე და სხვადასხვა ინფორმაციაზე.
მხატვარ მამუკა ტყეშელაშვილს ღვინის ეტიკეტებზე მუშაობის დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. გარდა იმისა, რომ იგი თავად ქმნის ეტიკეტის დიზანსა და სტილს, ასევე პროექტ „ღვინის სოფლის“ ფარგლებში გახლდათ დამწყები მეღვინეების მრჩეველ-კონსულტანტი ღვინის შეფუთვის კუთხით.
პროექტ „ღვინის სოფელს“ „ღვინის კლუბი“ 2017-2022 წლებში „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა ლექცია-სემინარები სამიზნე ხუთ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, სამეგრელო და გურია) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც შემდეგში სხვადასხვა ფორმით ითანამშრომლეს. ერთ-ერთი მიმართულება იყო სწორედ ღვინის სათანადო წარდგენა და ამ მხრივ, ღვინის ბოთლზე მიკრულ ეტიკეტს მნიშვნელოვანი მისია აკისრია.
- რამდენადაც ცნობილია, ღვინოზე და ღვინის ჭურჭელზე მარტივი ნიშანდებების დატანას ადამიანები უძველესი დროიდან ცდილობდნენ. თუმცა, უფრო საინტერესოა კლასიკურად, ღვინის ბოთლზე ეტიკეტების გამოყენება როდიდან დაიწყო?
მამუკა ტყეშელაშვილი, მხატვარი, მეღვინეობის კონსულტანტი: „ეს საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემაა. ჭურჭელზე ინსკრიპციები, პიკტოგრამები და სიმბოლოები ითვლება პირველ პროტო-ეტიკეტებად. ხოლო მე-16-მე-18-ე საუკუნიდან უკვე ევროპაში, ღვინის რეგიონებში გაჩნდა პირველი ნამდვილი ეტიკეტები. განსაკუთრებით საფრანგეთსა და გერმანიაში, ბეჭდვის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ქაღალდის ეტიკეტების შექმნა. ეს ეტიკეტები შეიცავდა ძირითადად მწარმოებლის სახელს, ადგილის დასახელებას, მოსავლის წელს და სხვა ინფორმაციას.
- ინტერნეტში უხვად მოიძებნება ძველი ეტიკეტების ფოტოები. შეიძლება ითქვას რომ მათი დიდი ნაწილი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია...
- ასეა! მე-19 საუკუნიდან ეტიკეტის გაფორმება ხელოვნების ნაწარმოებად იქცა. ლითოგრაფიის, ტრაფარეტული ბეჭვდის და ოფორტის განვითარებამ ბიძგი მისცა ეტიკეტებზე მხატვრული ელემენტების გამოჩენას. გერბები, ვენახის ხედები, სასახლეები, შატოები და რეგიონის პეიზაჟები, ორნამენტებით შეიმკო სხვადასხვა ღვინის ბოთლის გამოსახულებები.
- ძირითადად რას ხატავენ ეტიკეტებზე და თუ არსებობს რამე ჩარჩო, რაც მხატვარმა ეტიკეტზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს?
- დიდი ხანია ღვინის ეტიკეტებში დაიწყო ბრენდის იდენტობის და ორიგინალურობის გამოსახვა. მაგალითად, პიონერები არიან ბორდოსა და შამპანის მწარმოებლები, მათ პირველებმა დაიწყეს ესთეტიკაზე ყურადღების გამახვილება, რაც შემდეგ მთელი ევროპის და არა მარტო ევროპის აუცილებელ კულტურად იქცა.
მე 20-ე საუკუნეში იწყება მოდერნიზაცია და ექსპერიმენტები, მაგალითად 1920-იან წლებში უკვე გაჩნდა დიზაინის პირველი „მოდერნისტული“ ვარიანტები. განსაკუთრებით გამორჩეულია შატო მუტონ-როთშილდის მაგალითი, რომელიც 1945 წლიდან დღემდე ყოველწლიურად უკვეთავდნენ ცნობილ მხატვრებს: სალვადორ დალის, პიკასოს, ენდი უორჰოლის და ა.შ. 1970-80-იანი წლებიდან გამოჩნდა მინიმალისტური და პოპ-არტ დიზაინი.
- თანამედროვე ღვინის ეტიკეტს, ძირითადად, რა პრინციპები განასხვავებს მაგალითად მე-19 საუკუნის ეტიკეტებთან?
- ჩვენი ეპოქა, ანუ 21-ე საუკუნე გამოირჩევა კრეატიულობით. სხვადასხვა ტექნოლოგიების და ეკოლოგიურობის გათვალისწინებით ღვინის ეტიკეტები უკვე ინტეგრირებულია QR კოდებით, NFC ჩიპებით, ვირტუალური რეალობის ფუნქციებითაც კი. დიზაინერები ცდილობენ გამოიყენონ ეკო-მეგობრული მასალები და ინოვაციური მიდგომები. მეღვინეები და მწარმოებლები ხშირად მიმართავენ მხატვრულ, ილუსტრაციულ ან ხელნაკეთ, ორიგინალურ სტილს, რაც ხაზს უსვამს მათ უნიკალურობას და სისადავეს.
- საინტერესოა თუ არსებობს რამე დამახასიათებელი შტრიხი, რაც ქართული ღვინის ეტიკეტს უცხოურისგან განასხვავებს?
- საქართველოში ბოლო წლებში ღვინის ეტიკეტების დიზაინი განიცდის რენესანსს. მრავალი მწარმოებელი ტრადიციული ორნამენტებისა და ანბანის თანამედროვე ინტერპრეტაციებს იყენებენ და აგრეთვე მრავლად გვხვდება ცხოველების და ფრინველების გამოსახულებები, სხვადასხვა ორიგინალური სიმბოლოები რომლებიც პირდაპირ და ირიბად გვიქმნიან შთაბეჭდილებას კონკრეტულ პროდუქტზე.
- ეტიკეტის შექმნის პროცესი რამდენად საინტერესო და სახალისოა?
- ღვინის ეტიკეტის შექმნა ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია — მასში უნდა შეერწყას ვიზუალური იდენტობა, ინფორმაციული სიზუსტე და ემოციური ეფექტი, რომ შენი ეტიკეტი იყოს როგორც პროფესიონალური, ასევე მხატვრული და უნიკალური.
- ქართული ღვინის ეტიკეტების ისტორია ცალკე კვლევებს მოითხოვს, რაც მხატვრებისთვისაც საინტერესო იქნება.
- ჩვენში ხელოვნების ეს მიმართულება ას წელზე მეტ დროს ითვლის. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა დუქნებში და სირაჯხანებში ეტიკეტით გაფორმებული ქართული ალკოჰოლური სასმელები, რომლის ეტიკეტები დიდი მხატვრული ღირებულებით ვერ გამოირჩეოდა და უფრო რუსული იმპერიული (ესთეტიკის) კვალი ეტყობოდა. დასახელებასთან და ადგილწარმოშობასთან ერთად უხვად იყო გამოსახული რუსული გერბები და „ჩახუჭუჭებული“ სიმბოლოები. თუმცა, ახლა, ამ გადმოსახედიდან, ვინტაჟურობის გამო, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებიან, მაინც ერთგვარი ისტორიაა.
საბჭოთა პერიოდმა, როგორც უშუალოდ ღვინოს, ასევე მსახვრალი კვალი დაატყო მის ვიზუალურ მხარესაც. იმდროინდელი ღვინის ეტიკეტებიც დიდი მხატვრული ღირებულებით ვერ გამოირჩევიან, მაგრამ საინტერესოა მათი თვალიერება, დაკვირვება და შესწავლა. 70-80-იან წლებში სამხატვრო აკადემიაში გაჩნდა ფაკულტეტი - „საწარმოო გრაფიკა“, სადაც ისწავლებოდა მსგავსი მიმართულების დარგი. რამდენად ღრმად ეთმობოდა დრო კონკრეტულად ღვინის ეტიკეტის შესწავლას ვერ გეტყვით. ძირითადად პირადი დაინტერესების ხარჯზე და ინტუიციით ნელ-ნელა დაიწყო განვითარება ამ საინტერესო დარგმა და ღვინის ხარისხთან პარალერულად ახლაც ვითარდება.
-ღვინის ეტიკეტებზე მუშაობის კუთხით თქვენი გამოცდილების შესახებ გვიამბეთ...
-- პირადად ჩემი ურთიერთობა დაიწყო პირველი კერძო შეკვეთებიდან, როდესაც ენთუზიაზმის გარდა, ფაქტობრივად, არანაირი გამოცდილება არ მქონდა და არც არავინ მყავდა გარშემო, რომ მეკითხა. მარტო ხატვის და საკუთარი პროფესიონალიზმის ხარჯზე. შემდგომში იწყება ჩემი მეგობრობა მალხაზ ხარბედიასთან. თანდათან ფეხი აიდგა მცირე მარნების განვითარებამ და გაჩნდა ღვინის ფესტივალები. ამ დროს მთლიანად შეიცვალა ჩემი მიდგომა ღვინოსთან და ამ ხელოვნების დარგთან. შეიცვალა მსოფლმხედველობა, ფილოსოფია. ერთად ბევრი ფიქრის და მუშაობის შედეგად გამოიკვეთა პირველი ესკიზები. ღვინის ქვეყნებში მოგზაურობის დროს სხვადასხვა მწარმოებლების მიერ შესრულებული ეტიკეტების ვნახე.
ახლა მე როდესაც არ ვიცნობ ღვინოს და მსურს შევიძინო, პირველ რიგში, ვენდობი ეტიკეტს, რამდენად მაღალი გემოვნებით და პროფესიონალურად არის შესრულებული და მინდა გითხრათ, არასდროს არ გაუცრუებია იმედი, ყოველთვის კარგ და მაღალმხატვრულ ბოთლში საუკეთესო ღვინოები ცხოვრობენ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com