ახალი ღვინის ფესტივალში წლებია უკვე, არაერთი უცხოელი მეღვინე მონაწილეობს. ისინი საქართველოში ცხოვრობენ და ქართულ ღვინოს აწარმოებენ. ახალი ღვინის ფესტივალი 2025-ის მონაწილეებს შორის არიან ტობი ანდრისი და პიოტრ ბოლკოც, რომლებიც თავიანთი განვლილი გზის, მიღებული გამოცდილებისა და ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრნენ.
ტობი ანდრისი:
სინამდვილეში ჩემი და ღვინის საერთო მოგზაურობა საფრანგეთში დაიწყო, სადაც 6 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, როგორც მუსიკოსი და კინორეჟისორი, სანამ საქართველოში გადმოვიდოდი. ერთ ღამეს შემთხვევით შევედი ბუნებრივი ღვინის ბარში და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ხშირად დავდიოდი იქ, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მეღვინეებს ვხვდებოდი, რომლებიც ბუნებრივ ღვინოს აწარმოებდნენ. თუმცა, ღვინის მიმართ ჩემი სიყვარული უფრო სერიოზული სწორედ საქართველოში გახდა. პირველად 2019 წელს ჩამოვედი საქართველოში ტურისტად, შემდეგ კი როგორც კინორეჟისორი, და 2020-21 წლებში უმეტეს დროს აქ ვატარებდი, ვიღებდი ორ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს ჭიათურასა და წყალტუბოზე. ამ პერიოდში ბევრ მეღვინესთან დავმეგობრდი. 2023 წელს, ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ცარიელი უჟანგავი ლითონის რეზერვუარი ჰქონდა და შემეძლო გამომეყენებინა — მხოლოდ ყურძენი უნდა მომეტანა და ერთად გავაკეთებდით ჩემს ღვინოს. იმ წელს მხოლოდ 200 ბოთლი დავაყენე, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მინდოდა ამის გაგრძელება. ასე რომ, 2024 წელს ვიყიდე ყველაფერი, რაც საჭირო იყო, და მეგობრების დახმარებითა და მეღვინეების რჩევებით, 2025 წელს უკვე ოთხ განსხვავებულ ღვინოს ვაწარმოებ — სულ 2000 ბოთლს — და სწორედ ამ ღვინოს დააგემოვნებს საზოგადოება ახალი ღვინის ფესტივალზე.
ახალი ღვინის ფესტივალში პირველად ვმონაწილეობ და აქამდე სხვა არც ერთ ფესტივალში მიმიღია მონაწილეობა, ამიტომ განსაკუთრებულად მახარებს, რომ ჩემი შრომის შედეგის გაზიარება შემეძლება სხვებისთვის. ფესტივალი ყოველთვის დღესასწაულივითაა, და მე ნამდვილად მგონია, რომ ასეთი ფესტივალის არსებობა და მასში მონაწილეობა უკვე აღსანიშნი მიღწევაა.
ვფიქრობ, შეიძლება ამ ღონისძიებიდან პროფესიული შესაძლებლობებიც გამოიკვეთოს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მაქვს შესაძლებლობა გავუზიარო ჩემი ღვინოები საზოგადოებას და ვნახო, როგორ შეაფასებენ მათ. ასეთი პირდაპირი უკუკავშირის შესაძლებლობა იშვიათად გვეძლევა და ეს ნამდვილი საჩუქარია!
მე მიყვარს ქართული ღვინო და მტკიცედ მწამს, რომ ქართული ყურძენი არ ჩამოუვარდება მსოფლიოს არცერთ ღვინის რეგიონს. ალბათ ამ აზრს ყველა არ იზიარებს, მაგრამ პირადად მე უპირატესობას ვანიჭებ ქართლისა და დასავლეთ საქართველოს ღვინოებსა და ჯიშებს — განსაკუთრებით მსუბუქი სხეულის წითელ ღვინოებს, როგორიცაა შავკაპიტო, ძელშავი, ჩხავერი და ჩემი ახალი აღმოჩენა — დანახარული, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს... ნეტავ მეტი გამეკეთებინა.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ღვინის ფესტივალში აქამდე მხოლოდ სტუმრის სტატუსით ვმონაწილეობდი, რთულია შევაფასო, როგორი საერთაშორისო გამოხმაურება და ყურადღება შეიძლება მიიღონ მონაწილე მეღვინეებმა. მაგრამ მჯერა, რომ ქართულ ღვინოს აქვს უდიდესი პოტენციალი გლობალურ ბაზარზე, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ღვინის დეგუსტატორები და მომხმარებლები იწყებენ გააზრებას, რომ ქართული ღვინო მხოლოდ საფერავსა და რქაწითელს არ მოიცავს. არსებობს ყურძნის ჯიშებისა და ღვინის სტილების საოცრად ფართო სპექტრი, და ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი „დაკარგული ჯიში“ ბრუნდება მარნებში და ბოთლებში – რაც მთელი მსოფლიოს ღვინის მოყვარულებს ახარებს. არც კი წარმომედგინა, თუ საქართველოში შეიძლებოდა ამდენად მრავალფეროვანი ყურძენი აღმომეჩინა – საკმარისია ნებისმიერი განწყობის, გემოვნებისა და სიტუაციისთვის. ვიმედოვნებ, მეც შევძლებ ჩემი წვლილის შეტანას ამ სიხარულის გაზიარებაში.
პიოტრ ბოლკო:
პირველად ღვინის გემო ოჯახური სადილების დროს გავიგე, რომლებიც ბებია-ბაბუის სახლში იმართებოდა. ეს ღვინო ველური ვარდის ნაყოფისგან იყო დამზადებული, რომელსაც ერთად ვკრეფდით დიდი მონდომებით. ასე შევიგრძენი ღვინის გემოც და რთველის სირთულეც.
2006 წელს მეგობრებთან ერთად ჩამოვედი საქართველოში Land Rover Defender-ით და მაშინვე შემიყვარდა ქართული ღვინო და სამზარეულო. მოგვიანებით, ჩემს პირველ კომპანიას, რომელიც საქართველოში დავაარსე — „ღვინო და პური“ ერქვა.
2011 წელს ღვინის ფესტივალზე მოვხვდი სიღნაღში — ულამაზესი დღე იყო: მზიანი ამინდი, თოვლით დაფარული მთები, ალაზნის ველი... აღტაცებული დავრჩი ამ ხედით, ქალაქის ატმოსფეროთი, მისი მდებარეობით. შემთხვევით შემხვედრმა კაცმა დაგვპატიჟა თავის სახლში, გაგვიშალა სუფრა, შავი ფირფიტებიდან მუსიკას ვუსმენდით, ვსვამდით ღვინოს ყანწებით და მეორე დილით გავიღვიძე იმ ინფორმაციით, რომ სახლი ვიყიდე.
მოგვიანებით, როდესაც ამ სახლს ქართველებთან ერთად ვარემონტებდი, მათგან ღვინის დაყენების შესახებ ისტორიებს ვისმენდი და გადავწყვიტე, თავადაც მეცადა. თუმცა ეს მარტომ ვერ შევძელი - მეგობარი დამეხმარა, რომელმაც მასწავლა როგორ უნდა დამეყენებინა ღვინო, როგორ უნდა მომევლო, და როგორ უნდა დამელია ისე, რომ მეორე სახლიც არ მეყიდა.
ახალი ღვინის ფესტივალში უკვე დაახლოებით რვა წელია, რაც ვმონაწილეობ. ფესტივალის შესახებ თბილისელმა ბრიტანელმა ბიჭმა მითხრა, რომელიც იმდენად მოხიბლული იყო ჩემი პორტვეინის ტიპის ღვინით, რომ ფესტივალზე ნიმუშებიც მოიტანა.
ჩემს პირველ ფესტივალზე, პირველ საათებში, ჩემი ღვინით ბევრი არ დაინტერესებულა, მაგრამ მოგვიანებით, სანამ ღონისძიება დასრულდებოდა, დამგემოვნებელთა რიგი გვედგა — ამ ფაქტმა ფრთები შემასხა.
წლების მანძილზე დაკვირვების შედეგად, შევამჩნიე, რომ ბუნებრივ, ხელით დამზადებული ღვინის მიმართ ინტერესი გაიზარდა, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს ღვინოს მოყვარულებს შორისაც.
ახალი ღვინის ფესტივალი, უპირველეს ყოვლისა, ღვინის მეგობრების შეხვედრაა და სადაც ღვინოა, იქ სიხარულია.
ერთ ადგილას, ერთ დღეს შეგიძლიათ დააგემოვნოთ საქართველოს საუკეთესო არტიზანული ღვინოები - ეს ფესტივალის უდიდესი უპირატესობაა და ასე რეკლამირებასაც ვუწევ ჩემს მეგობრებს. ჩემთვის ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა, დავამყარო კონტაქტები კლიენტებთან.
ქართული ღვინო 8000 წლიანი გამოცდილების, გამოცდებისა და შეცდომების ისტორიაა, ეს არის მისტიკური სასმელი, რომელიც ადამიანებს სიხარულს, ბრძოლის ძალას აძლევდა, ქრისტიანობისა და საქართველოს ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
მე ძალიან მომწონს მანავის მწვანე თავისი სიმსუბუქით, რქაწითელი თავისი მრავალმხრივობით - მისგან შეგიძლიათ სხვადასხვა სახეობის ღვინის დამზადება და ქართული ყურძნის მეფე - საფერავი თავისი მდიდარი არომატებით!
წლებია, რაც პოლონეთიდან და მსოფლიოდან ვეპატიჟები ჩემს მეგობრებს ახალი ღვინის ფესტივალზე - ეს შესანიშნავი ღონისძიებაა ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის.
ის ადამიანები, ვინც აქ ჩამოვიდნენ და შესანიშნავი ღვინოების გემო გაიგეს, მსოფლიოს უზიარებენ იმ ინფორმაციას, რომ კავკასიაში არის ღმერთების პატარა ქვეყანა, სადაც გემრიელი ღვინოები ხელით მზადდება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com