ლევან სეფისკვერაძე
თბილისთან ახლოს, სოფელ მარტყოფში მდებარე მცირე მარანი "ჩიტოს ღვინო", რომელიც ეკუთვნის ნინო ჩიტოშვილსა და ვანო მოსემღვდლიშვილს, 2017 წელს დაარსდა. ვენახები კახეთში აქვთ. სოფელ ვაჩნაძიანში 3 ჰექტარ ვენახს ფლობენ, სადაც საფერავი, რქაწითელი, მწვანე და ქისი მოჰყავთ. ვენახებს „ბიო“ მეთოდებით, პესტიციდებისა და ჰერბიციდების გამოყენების გარეშე უვლიან, ღვინოს კი ნატურალური მეღვინეობის წესების დაცვით, ყოველგვარი ზედმეტი მინარევების და ზედმეტი ჩარევების გარეშე აყენებენ. შესაბამისად, „ჩიტოს მარნის“ კონცეფცია ბუნებრივი ღვინის მიმართულებაზეა აგებული.
ნინო ჩიტოშვილი, მევენახე-მეღვინე: „ნატურალერი ღვინის გემო ჩემთვის ღვინის გემოს ეტალონია და ჭეშმარიტი სიხარულის და სიყვარულის მომტანი. მე ჰედონისტი ვარ ბუნებით და (ძალიან მოკრძალებული-მაგრამ მაინც) ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანი არის ღირსი ამა თუ იმ სახით სიამოვნება და სიხარული იგრძნოს, ბუნებრივ ღვინოს კი შეუძლია ეს სიამოვნება მოგვანიჭოს, რადგან ყურძნის "სისუფთავე" ღვინოს ნამდვილ ელექსირად აქცევს.
- სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ მარნის გაზრდას და ვენახების დამატებას?
- ჩვენი მარანი წელს გაიზარდა და მივაღწიეთ 10000 ბოთლის წარმოებას. მეოთხე ჰექტარი მიწაც შევიძინეთ ვაჩნაძიანშივე. პირადად მე ერთ-ერთ საუკეთესო ტერუარად მიმაჩნია. აქ გავაშენეთ ქისი, მწვანე და დანახარული.
- პანდემიამ თქვენს მარანზე რა გავლენა მოახდინა?
- პანდემიის დროს პირველ წელს კინაღამ ჩავიძირეთ და გადავრჩი მხოლოდ ჩემი მეგობრების დახმარებით, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად ღვინოს ყიდულობდნენ. პანდემიიან მეორე წელს გაყიდვები იმდენად გაგვეზარდა, ახლა რომ იყოს მსგავსი სიტუაცია - უარს არ ვიტყოდით...
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მარანი უკვე 8 წელია არსებობს და ბევრი ღვინის დაყენებაც მოასწარით, ალბათ სიურპრიზი იყო რომ 2022 წლის მოსავლის რქაწითელმა ცნობილ ღვინის კონკურში - London Wine Competition (LWC) ვერცხლის მედალი მოიპოვა?
- ჩვენი ღვინის ლონდონში გაგზავნა მოხდა ისე, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით ამის შესახებ. ჩვენმა დისტრიბიუტორმა ჩეხეთის რესპუბლიკაში კომპანია Georgianwine.online თავისი ინიციატივით გააგზავნა 2022 წლის მოსავლის რქაწითელი.
- ღვინის ბრიტანულ კონკურსზეა საუბარი?
- ეს გახლავთ ცნობილი კონკურსი London Wine Competition (LWC), სადაც ბრმა დეგუსტაციის შედეგად 100-დან 93 ქულა და ვერცხლის მედალი მოგვანიჭეს.
- თუ გეგმავთ სხვა კონკურსებში მონაწილეობას და რამდენად გაგიზარდათ სტიმული ამ წარმატებამ?
- რა თქმა უნდა, ესეთი სტატუსის კონკურსში მაღალი შეფასება თავისთავად არის წახალისების და თავდაჯერების მოტივატორი. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დადასტურება, რომ სწორი გზით მივდივართ, სწორი პრიორიტეტები გვაქვს და ის ნიშა, რომელიც ღვინის დაყენებაში ორიენტირად გვაქვს აღებული შეესაბამება ღვინის საერთაშორისო სამყაროს ფასეულებებს. რადგან, როცა შენს შრომას რაღაც ეტაპზე არ მოჰყვება რამე სახის პასუხი, ჩნდება განცდა, რომ ეს ღვინის სამყარო, რომლის ირგვლივ მთელი სამყარო გაქვს აგებული, მხოლოდ ილუზიაა.
- თქვენი ღვინო ძირითადად სად იყიდება და რომელ ბაზარზე გაქვთ აქცენტი გაკეთებული?
- ამ ეტაპზე ღვინოს ვყიდით ჩეხეთში, საფრანგეთში, ლატვიაში, რამოდენიმე ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გავაფართოვოთ გატანის სივრცე, რადგან ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ ექსპორტია“.
© ღვინის კლუბი/vinoge.com